საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში, ხორვატიის 21-წლამდე ნაკრები ანგარიშით - 1:0 დაამარცხა, ხოლო სტუმრად, ქალაქ რიეკას ცენტრალურ სტადიონზე, რუევიცაზე, პენალტების სერიაში მოიგო (6-7) და ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
აქამდე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს მსგავსი მიღწევა არ ჰქონია, რადგან 2023 წელს, 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები მასპინძლის სტატუსით მოხვდა.
LaGazzetta.ge საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და დინამო თბილისის მცველს, ნიკოლოზ უგრეხელიძეს დაუკავშირდა.
- რა კომპონენტებს გამოარჩევდი, რა არის 21-წლამდე ნაკრების წარმატების მთავარი ფაქტორი?
- ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაკრების წარმატების მთავარი ფაქტორი ერთიანობა და სამშობლოს სიყვარულია. ჩვენს გუნდში ყველას, როგორც სამწვრთნელო გუნდის, ასევე, ერთმანეთის რწმენა აქვს. ამ მნიშვნელოვანმა ფაქტორმა ხორვატიის წინააღმდეგ მატჩებში დიდი უპირატესობა მოგვცა.
- როცა ისტორიულ შედეგს მიაღწიეთ და გასახდელში შეხვედით, სადაც სატელევიზიო კამერები აღარ იყო, რა იყო პირველი სიტყვები, რომლებიც თანაგუნდელებმა გაცვალეთ, მთავარმა მწვრთნელმა რა გითხრათ?
- რაც შეეხება გასახდელის ზეიმს, სამწუხაროდ, გასახდელში აღნიშვნის სიამოვნება გამოვტოვე, რადგან მატჩი დასრულდა თუ არა, დოპინგტესტზე შევედი.
- გულშემატკივარი მხოლოდ იმას ხედავს, რაც მოედანზე ჩანს. მეტი მოგვიყევი 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელზე, რამაზ სვანაძეზე...
- რამაზ სვანაძე შესანიშნავი პიროვნება, საკუთარი საქმის პროფესიონალი და გამორჩეულად კარგი მოტივატორია. შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის გათვალისწინებით, მანაც და მთლიანად, სტაფმა დიდი გამოცდილება მიიღო.
ვფიქრობ, მოედანზე ჩანს, რომ ტაქტიკურად გამართული გუნდი ვართ. ჩვენს ძლიერ და ასევე, მეტოქის სუსტ მხარეებს სწორად ვაანალიზებთ, რაც, რა თქმა უნდა, სწორედ მთავარი მწვრთნელისა და ანალიტიკოსების დამსახურებაა.
შარშანდელი და წლევანდელი ახალგაზრდული ნაკრების წარმატება - ის შედეგები, რომელიც 21-წლამდე ნაკრებმა აჩვენა, ყველაფრის მთქმელია.
- რიეკას ცენტრალურ სტადიონზე, რუევიცაზე მისული ხორვატი გულშემატკივარი გამუდმებით გისტვენდათ. იყო ეს დამატებითი მოტივაცია, მოგეგოთ ხორვატიისთვის ხორვატიაში?
- რაღაც მხრივ, მეტოქე გუნდის გულშემატკივრის სტვენა მატჩს კიდევ უფრო მეტად საინტერესოსა და დაძაბულს ხდის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ჩვენგანი მოტივაციის ნაკლებობას განიცდიდა. ვერცერთი ხორვატი ფეხბურთელი მოედანზე ქართველზე მოტივირებული ვერ იქნებოდა, რადგან გამარჯვება ჩვენ მეტად გვსურდა. განსაკუთრებულად დიდი შემართებით რომ ვიყავით, შესაძლოა, პირველ წუთებზე დაულაგებელი თამაშის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. თუმცა, საბოლოოდ ამ მოტივაციამ და ხასიათმა, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატამდე მიგვიყვანა.
- რადგან გულშემატკივარი ვახსენეთ, ქართველ გულშემატკივარზეც ვისაუბროთ. როგორ ხედავ, ასაკობრივი ნაკრებების მიმართ დაინტერესებამ იმატა?
- ვფიქრობ, დაინტერესებამ მართლაც იმატა, რისი მიზეზიც ეროვნული ნაკრების წარმატებაა. ეროვნულმა ნაკრებმა ქართველ ხალხს ფეხბურთის სიყვარული დაუბრუნა.
ჩვენი ნაკრების წარმატებას თბილისის ქუჩებში მეც ხალხთან ერთად ვზეიმობდი. როცა გულშემატკივრის გვერდით ხარ, უკეთ ვხვდები ნაკრების ფეხბურთელები საქართველოში როგორ უყვართ.
გულშემატკივარი ახალგაზრდულ ნაკრებს, როგორც ეროვნული ნაკრების მომავალ კანდიდატებს, ასე გვიყურებს, ამიტომ ინტერესი ჩვენი მისამართითაც გაზრდილია.
- სლოვაკეთში, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრებისგან რას უნდა ველოდოთ?
- წინასწარ საუბარი არ მიყვარს და არც სწორი მგონია, თუმცა ვინც ჩვენს თამაშებს თვალს ადევნებს დამეთანხმება, რომ არავისზე ნაკლები ძალა არ გვაქვს, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე თამაში ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია.
ვფიქრობ, დიდი ფაქტორი გულშემატკივრის რაოდენობასაც ექნება, რადგან მათი თითოეული შეძახილი გვაძლიერებს და ენერგიით გვავსებს.
- დინამო თბილისის ბოლო მზადებაზეც მოგვიყევი. გაახალგაზრდავებულ გუნდს უმაღლეს ლიგაში წარმატებული სეზონი არ ჰქონია, თუმცა საქართველოს თასის ფინალში გასვლა მაინც შეძლო...
- სატურნირო ცხრილში დინამო თბილისი მისთვის უჩვეულო პოზიციაზე იმყოფება. გამოცდილების ნაკლებობას თავისი გავლენა აქვს, რადგან ჩვენი გუნდის შემადგენლობა ძალიან გაახალგაზრდავდა, აკადემიის უნიჭიერესი, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტდა.
5 დეკემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გველოდება. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ თასის მოგება და მომავალ წელს ევროტურნირებზე თამაშია.

ტურნირის დებულების მიხედვით, 2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდა 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი 6 მეორეადგილოსანი ნაკრები ერთმანეთს დაუპირისპირდა და 3 საგზური სწორედ ამ გზით გადანაწილდა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების გარდა, პლეიოფის გავლით, ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთი და ფინეთი გავიდნენ. ასევე, ევრო 2025-ზე ითამაშებენ: სლოვაკეთი (მასპინძელი), დანია, ინგლისი (მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც ტიტული ბათუმში ჩაიბარა), საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი და უკრაინა.
ტურნირის წილისყრას 3 დეკემბერს, სლოვაკეთის დედაქალაქი, ბრატისლავა უმასპინძლებს, სადაც 16 ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდება.
21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის 11 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, სლოვაკეთში გაიმართება.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოები