მომავალი მატჩის წინ, პრესკონფერენცია შედგა, სადაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა, ოთარ მამაგეიშვილმა მედიის კითხვებს უპასუხეს.
რამაზ სვანაძე (21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მატჩისწინა პრესკონფერენციას სტუმრად ვმართავთ, რაც სასიხარულოა. ვემზადებით, რომ ის ძალები აღვიდგინოთ, რომელიც პირველ მატჩში წავიდა. ურთულეს მატჩს ველოდებით გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ძლიერ მეტოქეს, ძლიერი ფეხბურთელებით ყავს.
პირველი მატჩის პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, რომ მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. აქამდე რომ მოვსულიყავით, უდიდესი შრომა გავიღეთ.
ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ჩემი ნაკრების შემადგენლობაშია, ჩემთვის და ჩემი ნაკრებისთვის, უმნიშვნელოვანესია. თითოეული მათგანის რომ მჯერა, სწორედ ამიტომ არიან განაცხადში. ბევრი ფეხბურთელი გვყავს ისეთი, ვისაც ასეთ დონეზე არ უთამაშია და თუ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს შევძლებთ, ეს მათთვის კარიერის ტრამპლინი იქნება. 21-წლამდე ნაკრები ქვეყნის მეორე გუნდია, ფეხბურთელები ეროვნული ნაკრებისთვის ემზადებიან, ასეთ დონეზე მათი მომზადება ეროვნული ნაკრების შემდგომი ზრდისთვის მნიშვნელოვანია.
ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - ხორვატიასთან სტუმრად მატჩი, იმაზე გაცილებით სტრესული იქნება, ვიდრე თბილისში იყო, რადგან მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. ეს მატჩი ფსიქოლოგიური კუთხით მძიმე იქნება, თუმცა ჩვენ ვალდებულება ისაა, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყოთ. მატჩისწინა განწყობაზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ჩვენთან ყოველთვის დიდებული განწყობაა.
ვიმგზავრეთ და აქ ჩამოვედით, დაღლაზე ან სხვა, რაიმე მიზეზებზე საუბარი არ იქნება, რადგან მატჩის შინაარსი ყველას კარგად ესმის. ვიცი და მჯერა, რომ ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ.
თბილისში სიფრთხილით ვითამაშეთ, ეს, ასეთ დონეზე, მოსალოდნელიც იყო. სამწუხაროა, რომ ამ მატჩში მეორე გოლის გატანა ვერ შევძელით”.
ოთარ მამაგეიშვილი (21-წლამდე ნაკრები): ”მოვიგეთ და პატარა უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. მთავარია, კარგად დავისვენოთ და ამ მატჩს ახალი ენერგიებით შევხვდეთ.
განწყობაზე საუბარი ზედმეტი მგონია, ნაკრებში შესანიშნავი განწყობაა და დიდი მოლოდინები გვაქვს. გვიხარია, რომ ასეთი დონის თამაშს ვატარებთ და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ჩავატარებთ. აქამდე ჩვენი შრომით მოვედით, ახლა კი გვაქვს შანსი, ასეთ ტურნირზე ვითამაშოთ.
ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური მზაობა გადამწყვეტი იქნება. ჩემი აზრით, აქამდე არაფერი დაგვიკლია, არც ახალ დავაკლებთ, პირიქით, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, იმასაც აუცილებლად გავაკეთებთ”.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 2025 წლის ევროპის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფში: ნიდერლანდებთან, შვედეთთან, მოლდოვასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტართან ერთად თამაშობდა. გამართული 10 მატჩიდან რამაზ სვანაძის გუნდმა 6 შეხვედრა მოიგო, 1 მატჩი ფრედ დაასრულა, 3 შემთხვევაში დამარცხდა, 19 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და აღნიშნული მაჩვენებლით, ისტორიულ პლეი-ოფში თამაშობს.
19 ნოემბერს, ხორვატიისა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრებების მატჩი ქალაქს რიეკას ცენტრალურ სტადიონზე, თბილისის დროით 22:00 საათიდან შედგება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი დაგეგმილი საქართველოს პირველ არხზეა.













