რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები, დიდი ალბათობით, საბოლოო შეთანხმებით ძალიან მალე დასრულდება — 25 წლის ბრაზილიელი ფლანგის მცველი ემერსონ როიალი მილანში გადასვლასთანაა ახლოს! მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს უახლოეს 24-48 საათში მოაგვარებენ, ლომბარდიულ კლუბში კი ფეხბურთელის ოფიციალური წარდგენა, მომდევნო კვირაში სურთ. საუბარია, დაახლოებით, €15-16 მილიონიან გარიგებაზე.
პაულო ფონსეკას ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ფლანგის მცველის მოყვანა იყო, უფროსობამ კი პორტუგალიელს ეს სურვილი დაუკმაყოფილა. ემერსონი "როსონერისთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მას შემდეგ, რაც მილანმა ალვარო მორატასა და სტარინია პავლოვიჩის ტრანსფერები დახურა, უფროსობა თავიდან ბოლომდე ბრაზილიელი მცველის დამატებაზე გადაერთო და როგორც ჩანს, მხარეები ბოლოშიც გავიდნენ, ტრანსფერის დახურვა დროის ამბავია! თუმცა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მილანი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მინიმუმ 2-3 ტრანსფერის განხორციელებას კიდევ გეგმავს. ფონსეკას გუნდის პოტენციური სატრანსფერო სამიზნეების სიაში იუსუფ ფოფანა, ლაზარ სამარჯიჩი, მანუ კონე და ტამი აბრაჰამი არიან.
ემერსონის 3-წლიანი ლონდონური კარიერა სრულდება — ბრაზილიელმა ამ დროში 101 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.