მანჩესტერს სიტისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარე ედერსონ მორაეში, ევროპის დატოვებას სერიოზულად განიხილავს — როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, 30 წლის ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ სიტისთან ერთად ყველა შესაძლო ევროპული ტიტულის მოგება მოახერხა და ახლა სხვა კონტინენტზე სურს კარიერის გაგრძელება. ედერსონის ანგარიშზე 332 მატჩი და 17 ტიტულია, შესაბამისად, საკმაოდ ლოგიკურია, რომ ბრაზილიელი მეკარე მანჩესტერის ლურჯი მხარის დასატოვებლად ემზადება... საუდის არაბეთის კლუბები კი საქმეში არიან.
ედერსონის ტრანსფერზე ალ-ნასრი რამდენიმე კვირა მუშაობდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სიტიში ბრაზილიელის წასვლაზე პრობლემა არ აქვთ, რადგან პეპ გვარდიოლა სტეფან ორტეგას ბოლომდე ენდობა, თუმცა ინგლისელები ედერსონის სანაცვლოდ, საკმაოდ სოლიდურ თანხას, მინიმუმ, €50 მილიონს ითხოვენ.
ალ-ნასრიში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, საქმეში ალ-იტიჰადი ჩაერთო, რომელმაც სულ ახლახანს მუსა დიაბის ტრანსფერი დახურა. ლორან ბლანის გუნდი ახალ მეკარეს ეძებს და #1 სამიზნე სწორედ ედერსონია. პირადი კონტრაქტის შეთანხმება რთული არ იქნება, თუმცა ალ-იტიჰადი სიტის მიერ მოთხოვნილ თანხას თუ არ გადაიხდის, ტრანსფერი არ შედგება.
უახლოეს დღეებში ალ-იტიჰადი & ედერსონის თაობაზე, უფრო მეტ სიახლეს შევიტყობთ.