ცნობილი ინგლისელი არბიტრი, ენტონი ტეილორი, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივარი ძირითადად ინგლისის პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებიდან იცნობს, 23 მარტს, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების შეხვედრას გაუძღვება - ინფორმაცია UEFA-ს ვებგვერდზე გამოჩნდა, სადაც დამატებით ნათქვამია, რომ 46 წლის რეფერის ასისტენტობას ინგლისელები: გარი ბესუიკი და ადამ ნანი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი რობერტ ჯონსი იქნება. VAR-ზეც ასევე ინგლისელები: დარენ ინგლენდი და სტიუარტ ატუელი იმუშავებენ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდმა ერევანში სომხეთის წინააღმდეგ პირველი შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით - 0:3 მოიგო. 2-რაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს, რისკენაც ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ნაბიჯი პირველივე შეხვედრაში გადადგა.
აღსანიშნავია, რომ დინამო არენაზე დაგეგმილი საპასუხო დაპირისპირების გასაყიდად გამოტანილი ყველა ბილეთი სრულად, დაახლოებით 8 საათში გაიყიდა.