ლიონელ მესი - ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიას წერს თავიდან, 39 წლის ასაკშიც კი. განვიხილოთ მისი ყველაზე გამორჩეული მიღწევები მუნდიალზე და გავიხსენოთ ისინიც, რომლებსაც არგენტინელმა ფლეიმეიქერმა აჯობა: 10 რეკორდი, 10 ლეგენდა.
მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო არგენტინელი ბომბარდირი | ადრე: გაბრიელ ბატისტუტა | ახლა: ლიონელ მესი
ბატისტუტამ დატოვა წარუშლელი კვალი როგორც არგენტინული, ისე ზოგადად, ფეხბურთის ისტორიაში. ის დღემდე რჩება ერთადერთ მოთამაშედ, რომელმაც ჰეთ-თრიქის შესრულება 2 მუნდიალზე შეძლო. მსოფლიოს მთავარ ტურნირზე გატანილი ბურთების რაოდენობით გაბრიელმა აჯობა ისეთ სახელოვან თანამემამულეებს, როგორებიც არიან გილერმო სტაბილე, მარიო კემპესი და დიეგო მარადონა.
10 გოლით, არგენტინელი თავდამსხმელი 2002 წლიდან - 2022-მდე რჩებოდა მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად "ალბისელესტეს" მოთამაშეებს შორის. რომას ექს-ფორვარდის მიღწევამ იარსება 20 წელი, შემდეგ კი კატარის მუნდიალზე მესიმ მე-11 ბურთი შეაგდო.

ჰეთ-თრიქის ყველაზე ასაკოვანი ავტორი მუნდიალზე | ადრე: კრიშტიანუ რონალდუ | ახლა: ლიონელ მესი
ბევრის აზრით, რონალდუს მთავარი სანაკრებო მატჩი გაიმართა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მან ესპანეთს სამი გოლი გაუტანა. კრიშტიანუ "ლა როხას" კარის აღების მომენტისთვის იყო 33 წლისა და 130 დღის, რითაც როგორც აღვნიშნეთ, მუნდიალის ისტორიაში ჰეთ-თრიქის ყველაზე ასაკოვან ავტორად მოგვევლინა.
პორტუგალიელი თავდამსხმელის რეკორდი აქტიური იყო რვა წლის განმავლობაში, შემდეგ კი ალჟირის ნაკრების კარში სამი გოლი გაიტანა მესიმაც, თანაც 38 წლისა და 357 დღის ასაკში. ლეოსა და არგენტინის დებიუტმა აშშ-ს მუნდიალზე გადააჭარბა ყველა მოლოდინს და როგორც ავსტრიასთან შეხვედრამაც აჩვენა, მოქმედი ჩემპიონები გაჩერებას არ აპირებენ.

მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი | ადრე: მიროსლავ კლოზე | ახლა: ლიონელ მესი
მთავარი ინდივიდუალური მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში - ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ამ ტიტულს სხვადასხვა დროს ატარებდნენ შანდორ კოჩიში, ჟიუსტ ფონტენი, გერდ მიულერი და რონალდო ნაზარიო. უკანასკნელი გოლეადორი იყო კლოზე, რომელსაც ბრაზილიის მუნდიალის დასრულების შემდეგ, 16 ბურთი დაუგროვდა.
მიროსლავის რეკორდი აქტიური იყო 12 წლის განმავლობაში და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, მესის ჩამორჩენა მასთან სამ ბურთს შეადგენდა. ვინ იფიქრებდა, რომ ლეო გერმანელი ფორვარდის მიღწევას ჯგუფური ეტაპის 1-ვე შეხვედრებში დაამხობდა. ალჟირთან ჰეთ-თრიქით არგენტინელი ფლეიმეიქერი მიუნხენის ბაიერნის ექს-შემტევს გაუთანაბრდა, ავსტრიასთან დუბლით კი მან მას გადაასწრო.

არგენტინელი ფეხბურთელი ყველაზე მეტი მატჩით მუნდიალზე | ადრე: დიეგო მარადონა | ახლა: ლიონელ მესი
მარადონამ ითამაშა ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე (1982, 1986, 1990, 1994) და საერთო ჯამში მას 21 მატჩი დაუგროვდა. მესიმ ლეგენდარულ თანამემამულეს გაუსწრო კატარის მუნდიალზე, პოლონეთის ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში, რომელიც მისთვის მსოფლიოს მთავარ ტურნირზე 22-ე თამაში გამოდგა.
ასე დაამხო ლიონელმა დიეგოს 28-წლიანი რეკორდი. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის ერთადერთი მიღწევა, სადაც მემკვიდრე თავის წინაპარზე წინ დადგა. მაგალითად, ინტერ მაიამის ამჟამინდელი ლიდერის გამოჩენამდე, არგენტინის ეროვნული გუნდის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი მუნდიალებზე იყო სწორედ ნაპოლის ექს-ფლეიმეიქერი, 2010-დან კი აღნიშნული სტატუსი ჩვენი სტატიის გმირმა მიისაკუთრა.

ყველაზე მეტი მატჩი კაპიტნის სამკლაურით მუნდიალზე | ადრე: რაფაელ მარკესი | ახლა: ლიონელ მესი
მარკესმა ხუთი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ჩაატარა 19 მატჩი და აქედან 17 - კაპიტნის რანგში. მესიმ ითამაშა არა მხოლოდ ექვს მუნდიალზე, არამედ მსოფლიოს მთავარი ტურნირის ისტორიაში სამკლაურით ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. გახსოვთ არგენტინის მიერ განადგურებული ხორვატია კატარის მუნდიალის 1/2 ფინალში? ლეომ კაპიტნობა მე-18-ედ სწორედ აღნიშნულ შეხვედრაში მოირგო.
დღეს, არგენტინელი შემტევის ანგარიშზე უკვე 21 მატჩია. მისი კაპიტნობა გაგრძელდა ფინალში საფრანგეთის ნაკრებთან და ასევე 2026 წლის მუნდიალზეც. წარმოუდგენელია ის "ალბისელესტე", რომელშიც ეროვნული გუნდის სამკლაურიანი წინამძღოლი ინტერ მაიამის ამჟამინდელი ლიდერი არ იქნება.

ყველაზე მეტი მატჩი მუნდიალზე | ადრე: ლოთარ მათეუსი | ახლა: ლიონელ მესი
მათეუსს ხუთი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში 25 მატჩი დაუგროვდა. მის რეკორდს მიუახლოვდნენ ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც არიან მარადონა, მალდინი, კაფუ და კლოზე. მოქმედი მოთამაშეებიდან გამოსარჩევები არიან რონალდუ, ნოიერი და მოდრიჩი. მხოლოდ გამოსარჩევები, რადგან ლოთარის გადასწრება 1-ის გარდა, ვერავინ შეძლო.
ის ერთადერთი ფეხბურთელი არის მესი, ვინც გერმანელ ნახევარმცველს აჯობა განსაკუთრებულ ვითარებაში - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან, რომელშიც არგენტინამ იზეიმა ტრიუმფი 36-წლიანი პაუზის შემდეგ, მისმა კაპიტანმა კი მუნდიალზე ჩაატარა უნიკალური, რიგით 26-ე შეხვედრა.

ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა მუნდიალზე 21-ე საუკუნეში | ადრე: ტომას მიულერი | ახლა: ლიონელ მესი
მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორი ჯერჯერობით არ არის. ამ მომენტისთვის მის ანგარიშზეა რვა ასისტი და ლიდერ ფრიც ვალტერამდე ლეოს მხოლოდ 1 მოქმედება აშორებს. შემოვინახოთ აღნიშნული მიღწევა სამომავლოდ, იქამდე კი 21-ე საუკუნეში დაფიქსირებულ შედეგებზე ვისაუბროთ.
გახსოვთ ნიდერლანდების ნაკრებთან მატჩი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში? არგენტინელების მხრიდან პირველი გოლი შეაგდო ნაუელ მოლინამ, სწორედ ინტერ მაიამის კაპიტნის ასისტით, რომლისთვისაც ეს მუნდიალებზე მე-7 საგოლე პასი გამოდგა. მან დაამხო მიულერის მიღწევა და შემდეგ, ხორვატიასთან 1/2 ფინალში არგენტინელმა ფლეიმეიქერმა მე-8 ასისტიც გაიფორმა.

ყველაზე მეტი შედეგიანი მოქმედება მუნდიალზე | ადრე: ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე | ახლა: ლიონელ მესი
კლოზეს რეკორდის დამხობამდე, მესიმ ჯერ აჯობა პელეს, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში განხორციელებული ყველაზე მეტი შედეგიანი მოქმედებების მხრივ. საუბარია გატანილი ბურთებისა და ასისტების საერთო რაოდენობაზე. ალჟირთან ჰეთ-თრიქამდე, ედსონსა და ლეოს შორის 21:21 იყო.
ბრაზილიელი შემტევი - 12 გოლი, 9 საგოლე გადაცემა, არგენტინელი გამთამაშებელი კი 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემა. როგორც აღვნიშნეთ, პირველ პოზიციაზე ინტერ მაიამის კაპიტანმა გადაინაცვლა აშშ-ს მუნდიალის სადებიუტო შეხვედრაშივე, რომელშიც მან "უდაბნოს მეომრებს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო სამხრეთ ამერიკელი ბომბარდირი | ადრე: რონალდო ნაზარიო | ახლა: ლიონელ მესი
დიახ, მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების რბოლაში გადაასწრო როგორც ევროპელებს, ისე სამხრეთ ამერიკელებსაც, მათ შორის რონალდოსაც. ეს ყველაფერი მოხდა ისევ და ისევ ალჟირთან შეხვედრაში, რომლის დაწყებამდეც ლეო მას 2 ბურთით ჩამორჩებოდა.
დიახ, ნაზარიო ჩამოქვეითდა კიდევ ერთი საფეხურით, თუმცა არის ერთი საინტერესო კომპონენტი, რომელშიც არგენტინელი შემტევი მას ჯერ კიდევ ჩამორჩება. ბრაზილიელმა ექს-ფორვარდმა ლეონიდას სილვასა და კილიან მბაპესთან ერთად შეაგდო 8 ბურთი უშუალოდ მუნდიალის პლეიოფში, ინტერ მაიამის კაპიტნის ანგარიშზე კი აღნიშნულ სტადიაზე ჯერჯერობით 5 გოლია.

ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვინც მუნდიალზე საუკეთესოდ დასახელდა | ადრე: ზინედინ ზიდანი | ახლა: ლიონელ მესი
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებენ 1982 წლიდან და ამ დროის განმავლობაში ეს ჯილდო მიუღიათ პაოლო როსის, დიეგო მარადონას, რომარიო ფარიას, ლუკა მოდრიჩსა და სხვებს. მუნდიალის ოქროს ბურთის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი არის რონალდო (21 წელი), ყველაზე ასაკოვანი კი ზიდანი (34 წელი) იყო.
რატომ ვსაუბრობთ ზინედინის შესახებ წარსულ დროში? საქმე ისაა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ტურნირის ყველაზე ასაკოვანი საუკეთესო მოთამაშის სტატუსი ფრანგი ფლეიმეიქერისგან მესიმ გადაიბარა. კატარის მუნდიალის მთავარმა ვარსკვლავმა მსოფლიო თასის ოქროს ბურთი 35 წლის ასაკში მოიგო.

















