პარიზში გრძელდება პარალიმპიური თამაშები. დღეს ქართველთაგან სამმა პარასპორსტმენმა იასპარეზა. მედალთან ყველაზე ახლოს პარატაეკვონდოისტი გიორგი ნიკოლაძე (- 70 კგ.) იყო. ქართველმა ტრავმის ფონზე იბრძოლა და რეპეშაჟში არგენტინელ ხუან ედუარდო სამორანოსთან წააგო.
ნიკოლაძემ პარალიმპიადის საწყის შეხვედრაში ეგვიპტელ აბდელ რაჰმედ მაჰმუდ აბდელ რაზეკს მოუგო, მეოთხედფინალში კი თურქ ფათიხ ჩელიკთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო.
შეგახსენებთ, ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე პირველად მონაწილეობენ.
დღეს პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა პარამძლეოსანმა დავით ქავთარაძემ შუბის ტყორცნაში იასპარეზა, 35,71 მეტრი მესამე ცდაზე დააფიქსირა და მერვე ადგილი დაიკავა.
ასევე დღეს, პნევმატული შაშხანიდან სროლაში 10 მეტრზე R4 კატეგორიაში ქართველმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა იასპარეზა და მე-15 ადგილი დაიკავა.
ჭინჭარაული 2024 წელს ევროპის ვიცეჩემპიონი R9 კატეგორიაში გახდა.
ვლადიმერ ჭინჭარაული 1 სექტემბერს R5 კატეგორიაში 10 მეტრზე სროლაში, ხოლო 4 სექტემბერს, R9 კატეგორიაში 50 მეტრზე სროლაში მოსინჯავს ძალებს.
გუშინ, პარალიმპიადის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს დელეგაციას ბრინჯაოს მედალი პარატაეკვონდოისტმა, ანა ჯაფარიძემ მოუტანა.
ხვალ პარალიმპიურ თამაშებზე ქართველები არ ასპარეზობენ.











