გრაცის შტურმის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ პარენსენმა გუნდის კაპიტნის ოთარ კიტეიშვილის თაობაზე მედიასთან ისაუბრა.
"კიტეიშვილის პოტენციური ტრანსფერი? ჩვენ ამისგან ძალიან შორს ვართ. თუმცა, ცხადია, რომ ბოლო წლებში მან არაერთხელ მიიპყრო სხვადასხვა კლუბებისგან ინტერესი და ისიც ლოგიკურია, რომ ამ ასაკში, როდესაც სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ ორჯერ გასახელებენ, შესაძლებელია სხვა ჩემპიონატში თამაშის სურვილიც გქონდეს, ამაში საკამათო არაფერია. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ეტაპზე, მომავალ სეზონს ოთართან ერთად ვგეგმავთ"
ბოლო დღეების განმავლობაში, ოთარ კიტეიშვილს რამდენიმე ევროპული კლუბი დაუკავშირეს, თუმცა ამ მომენტისთვის პოტეცნიურ ტრანსფერზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ქართველ ფეხბურთელს შტურმთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, 29 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €10-15 მილიონია.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ოთარ კიტეიშვილის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.















