ბაიერნ მიუნხენისა და პარის სენ-ჟერმენის პირველმა ნახევარფინალურმა მატჩმა ცხრაბურთიანი შოუ გვაჩუქა. ამ დაპირისპირებასთან ერთად, გავიხსენოთ სხვა ყველაზე უხვგოლიანი 1/2 ფინალური დუელები ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ისტორიაში.
აიაქსი 5:2 ბაიერნი | ამსტერდამელთა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტიტულისკენ მიმავალი გზა
ჩემპიონთა ლიგის 1994/1995 წლების სეზონის ნახევარფინალში ბაიერნი აიაქსთან პირველ მატჩში 0:0-ის შემდეგ, საპასუხო დაპირისპირებაში 2:5 განადგურდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მიუნხენელებმა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე გაუშვეს 5 ბურთი და მეორედ მსგავსი რამ განმეორდა მიმდინარე სეზონში, პარის სენ-ჟერმენთან (4:5).
დავუბრუნდეთ ამსტერდამულ გუნდთან მატჩს, სადაც "რეკორდმაისტერმა" ვერაფერი მოუხერხა იარი ლიტმანენის დუბლს, ასევე მარკ ოვერმარის, რონალდ დე ბურისა და ფინიდი ჯორჯის თითო ბურთს. ჯოვანი ტრაპატონის შეგირდებთან მოგების შემდეგ, "ებრაელებმა" ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში მოგვიანებით მილანსაც აჯობეს.
ეს იყო იოჰან კრუიფ არენას ბინადრების მეოთხე და ჯერჯერობით ბოლო ჩემპიონთა ლიგის ტიტული. აღსანიშნავია, რომ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში ლუი ვან გაალის შეგირდებმა გააღწიეს შემდეგ სეზონშიც, მაგრამ იქ, 11-მეტრიანების სერიაში ტურინის იუვენტუსთან წააგეს.
ჰამბურგი 5:1 რეალი | "როტოზენის" ფინალისკენ მიმავალ გზაზე დინამო თბილისიც იყო
ჩემპიონთა თასის 1979/1980 წლების სეზონის შესახებ მოყოლა უნდა დავიწყოთ 1/16 ფინალიდან, სადაც დინამომ ლივერპული დაამარცხა. მერსისაიდელელებთან მოგების შემდეგ, თბილისელთა მოწინააღმდეგე შემდეგ ეტაპზე აღმოჩნდა მომავალი ფინალისტი, ჰამბურგი. ორივე შეხვედრა "როტოზენის" გამარჯვებით დასრულდა.
ჰსვ-მ მოგვიანებით ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში დაამარცხა სპლიტის ჰაიდუკი და ნახევარფინალში რეალი გაანადგურა. საინტერესოა, რომ პირველი შეხვედრა მადრიდმა მოიგო 2:0, საპასუხოში კი ფოლკსპარკშტადიონზე 5 ბურთი მიიღო. აღნიშნული წაგება ყველაზე მძიმეა "სამეფო კლუბისთვის" ევროსარბიელზე, 1989-ში, მილანთან 0:5-ის შემდეგ.
როგორც ვხედავთ, ბრანისლავ ზებეჩის გუნდმა ფინალამდე გაიარა დიდებული გზა, თუმცა მთავარ მატჩში ნოტინგემ ფორესტთან დამარცხდა. ჰამბურგს მომავალში კიდევ ჰქონდა ჩემპიონობის შანსი, რომელიც გამოიყენა კიდეც. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1982/83-ის ფინალში "როტოზენმა" იუვეს მოუგო.
ცსკა სოფია 4:3 ბაიერნი | ბულგარელთა ორკვირიანი ზეიმი
ჩემპიონთა თასის 1981/1982 წლების სეზონი სავსე იყო სენსაციებით და ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი აღმოჩნდა ცსკა სოფია, რომელმაც მეოთხედფინალში ჯერ მოუგო ლივერპულს, ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში კი ბაიერნსაც. აღნიშნული დუელი დასრულდა 4:3, ისე რომ მე-18 წუთისთვის მიუნხენელები 0:3-ს ნადგურდებოდნენ.
"არმიელების" ზეიმმა გასტანა სულ რაღაც ორი კვირა, რადგან განმეორებით მატჩში "რეკორდმაისტერმა" მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ "წითლებმა" ვერ შეძლეს ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში გასვლა, ბულგარულ ფეხბურთს ისტორიული სეზონი მაინც აჩუქეს.
იმ დაპირისპირების შემდეგ, ოლიმპიაშტადიონის ბინადრები ცსკა სოფიას მომავალში შეხვდნენ კიდევ ოთხჯერ - ყველა მატჩი გერმანელების მოგებით დასრულდა. რაც შეეხება 1981/82-ის ფინალს, "არმიელთა" ბარიერის გადალახვის შემდეგ, პალ ჩერნაის შეგირდებმა ბირმინგემის ასტონ ვილასთან წააგეს.
ინტერი 4:3 ბარსელონა | მილანური გველისგან დაკბენილი კატალონიელები
როდესაც გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბარსელონა დაუპირისპირდებოდა ინტერს, საფეხბურთო სამყარომ უმალვე აღნიშნულ კლუბებს შორის გამართული 2010 წლის ეპიკური დუელი გაიხსენა. დრამატულობის თვალსაზრისით, შარშანდელმა ომმა 16 წლის წინანდელი მოვლენებიც კი გადაფარა.
როგორც პირველი მატჩი, ისე განმეორებითი თამაშის ძირითადი დროც დასრულდა ფრედ, ანგარიშით 3:3. დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც მოგება მილანელებს დარჩათ. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ საპასუხო შეხვედრის 87-ე წუთამდე კატალონიელები იგებდნენ 3:2-ს, რითაც ფინალსაც უახლოვდებოდნენ.
"ნერაძური" თამაშში დაბრუნდა 90+3-ე წუთზე, ფრანჩესკო აჩერბის გოლით, დამატებით დროში კი საბოლოო ნაკბენი დავიდე ფრატეზიმ გააკეთა. აღნიშნული დუელის შემდეგ, ნათელი გახდა ერთი რამ: როცა "ბლაუგრანა" და ჯუზეპე მეაცას მკვიდრები ერთმანეთს ხვდებიან 1/2 ფინალში, ომი უბრალოდ გარდაუვალია.
დინამო კიევი 3:3 ბაიერნი | ისტორიაში პირველი 1/2 ფინალი ქართველის მონაწილეობით
ეს დაპირისპირება არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაში ქართველმა ფეხბურთელმა შეაბიჯა. საუბარია კახა კალაძეზე, რომელსაც დინამოსთან ერთად, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში გასასვლელად ძალიან ცოტა დააკლდა.
ბაიერნის წინააღმდეგ გამართული პირველი ნახევარფინალური მატჩი დასრულდა ფრედ, ანგარიშით 3:3 და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ კიეველები 78-ე წუთამდე 3:1-ს იგებდნენ. შეხვედრის მიწურულს, თამაშში დაბრუნების შემდეგ, მიუნხენელებმა "თეთრ-ლურჯებს" საპასუხო დუელში მინიმალური ანგარიშით მოუგეს.
მართალია, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა იმ სეზონში ვერ მოახერხა ფინალში გასვლა, თუმცა ამის ბედნიერება მას მომავალში ჰქონდა კიდევ 3-ჯერ, მაგრამ უკვე სხვა კლუბის, მილანის რიგებში. ვალერი ლობანოვსკის ყოფილი შეგირდი ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი მოთამაშეა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2 ტიტულით.
ლივერპული 5:2 რომა | მოჰამედ სალაჰი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
სალაჰის სადებიუტო სეზონი ლივერპულის შემადგენლობაში და მისთვის განსაკუთრებული მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. როგორც გვახსოვს, ლონდონის ჩელსიში წარუმატებელი ტრანსფერის შემდეგ, ეგვიპტელმა ვინგერმა კარიერის სრულფასოვნად რეანიმირება რომაში შეძლო.
რაც შეეხება ხსენებულ დაპირისპირებას, მერსისაიდულმა გუნდმა "ჯალოროსი" პირველ ნახევარფინალურ მატჩში ანგარიშით 5:2 გაანადგურა. "მგლების" ამოხოცვა დაიწყო სწორედ მოს დუბლით და 69-ე წუთისთვის "წითლების" სასარგებლოდ უკვე 5:0 იყო. როგორც ნამდვილ საფეხბურთო ჯენტლმენს შეეფერება, ენფილდის მკვიდრთა ვინგერს ყოფილი კლუბის კარის აღება არ უზეიმია.
საინტერესოა, რომ იურგენ კლოპის გუნდი განმეორებით მატჩში ახლოს იყო იმ უპირატესობის გაფლანგვასთან, რომელიც პირველ დაპირისპირებაში იქნა მოპოვებული. საპასუხო შეხვედრა ლივერპულმა წააგო 2:4, რაც ნიშნავს იმას, რომ ოლიმპიკოს მკვიდრებს 2 თამაშის ჯამში ანგარიშის გათანაბრებისთვის სულ რაღაც 1 ბურთი დააკლდათ.
მანჩესტერ სიტი 4:3 რეალი | მატჩი, რომელიც ქარიმ ბენზემას დიდი სპექტაკლის ნაწილად იქცა
სეზონი, რომელშიც ბენზემა უბრალოდ შეუჩერებელი იყო. რემონტადა ჩელსისა და პარის სენ-ჟერმენთან, სწორედ ვეტერანი თავდამსხმელის ჰეთ-თრიქებით. ფრანგი ფორვარდის ფენომენალური პერფომანსის გარეშე არც სიტისთან დუელს ჩაუვლია. რეალი მთელი პირველი შეხვედრის მანძილზე იყო მდევრის როლში და ყოველ ჯერზე მომავალ ჩემპიონს თამაშში სწორედ ქარიმი აბრუნებდა.
მართალია, მადრიდული გუნდი მანჩესტერში დამარცხდა ანგარიშით 4:3, თუმცა სტუმრების კაპიტანმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საპასუხო შეხვედრისთვის ინტრიგა შენარჩუნებულიყო. "სამეფო კლუბი" კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა მე-2 თამაშშიც, როცა ბოლო წუთებამდე "ქალაქელთა" სასარგებლოდ 0:1 იყო.
საფეხბურთო სამყარომ კარლო ანჩელოტის გუნდის მონაწილეობით იხილა მორიგი რემონტადა და ამ ყველაფერს ვეტერანი ცხრიანის გარეშე კვლავ არ ჩაუვლია. როდრიგო გოესის დუბლის შემდეგ, საბოლოო წერტილი პეპ გუარდიოლას შეგირდებთან მოგებაში სწორედ "ელ გატომ" დასვა.
პსჟ 5:4 ბაიერნი | ვარსკვლავური ომების მთავარი ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია
2025/2026 წლების საფეხბურთო სეზონის მთავარი მშვენება - ცხრაგოლიანი ბლოკბასტერი ბაიერნისა და პარის სენ-ჟერმენის მონაწილეობით. აღნიშნულ დუელზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ კვარა ბალონ დ'ორს მიუახლოვდა. ჰარი კეინის მიერ გატანილი ბურთის შემდეგ, პსჟ თამაშში სწორედ ქართველმა ვინგერმა დააბრუნა.
მოგვიანებით, ხვიჩამ მიუნხენურ გუნდს მეორე გოლიც გაუტანა. ამ მატჩის დასრულებისას, არაერთმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ექსპერტმა გამოთქვა მოსაზრება, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ამ მომენტისთვის სწორედ "ლურჯ-წითლების" ვინგერია, რომელმაც თავისი უმაღლესი კლასი საპასუხო შეხვედრაშიც აჩვენა.
განმეორებითი მატჩი დასრულდა ფრედ, ანგარიშით 1:1, ლუის ენრიკეს გუნდის მხრიდან გოლი გაიტანა უსმან დემბელემ, სწორედ საქართველოს ეროვნული გუნდის მე-7 ნომრის ასისტით. პარკ დე პრენსის მკვიდრები ზედიზედ მეორედ აღმოჩნდნენ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში და წინ ლონდონის არსენალთან დუელია.
რეინჯერსი 3:6 აინტრახტი | რეკორდი, რომელიც 66 წლის შემდეგაც ხელშეუხებელია
აინტრახტი-რეინჯერსის დაპირისპირება გაიმართა შორეულ 1960 წელს და ამ წყვილში დაფიქსირებული შედეგები დღემდე უნიკალურია. ფრანკფურტი არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/2 ფინალში სტუმრად 6 ბურთის გატანა შეძლო. დიახ, "არწივებმა" რეინჯერსს საპასუხო შეხვედრაში 6:3 მოუგეს.
რაც შეეხება პირველ მატჩს, ვალდშტადიონზე გლაზგოური გუნდისთვის დაფიქსირდა კიდევ უფრო ლეტალური შედეგი - 6:1. ამ დაპირისპირებაში 2 შეხვედრის ჯამში გავიდა 16 (!) ბურთი და როგორც აღვნიშნეთ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/2 ფინალებში ეს წყვილი ყველაზე უხვგოლიანია.
ბედის ირონიით, "ლურჯების" განადგურების შემდეგ, პოლ ოსვალდის გუნდი თავადაც აღმოჩნდა ერთგვარი დარბევის მსხვერპლი ჩემპიონთა თასის ფინალში - წაგება რეალთან, 3:7. დიახ, აინტრახტი ამ მხრივაც ერთადერთი კლუბია, რადგან 7 ბურთი სეზონის მთავარ დუელში არავის გაუშვია.
რეალი 4:2 მილანი | პირველი უხვგოლიანი 1/2 ფინალი ჩემპიონთა თასის ისტორიაში
ვბრუნდებით იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო - ჩემპიონთა თასის სადებიუტო, 1955/1956 წლების სეზონი. იმ ტურნირის მშვენება გამოდგა რეალისა და მილანის პირველი შეხვედრა, რომელიც 4:2 დასრულდა. არანაკლებ დაძაბული და დამაინტრიგებელი გამოდგა საპასუხო დუელიც - 2:1 "როსონერის" სასარგებლოდ.
როგორც ვხედავთ, "დიავოლოს" ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გასათანაბრებლად სულ რაღაც ერთი გოლი დააკლდა. იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა სტუმრად გატანილი ბურთის პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ 2 შეხვედრის ჯამში 5:5-ის შემთხვევაში, მადრიდელებსა და სან სიროს მკვიდრებს შორის ჩაინიშნებოდა მე-3 დუელი ან მოგებულის ვინაობა მონეტის აგდების პრინციპით გადაწყდებოდა.
ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია, რეალობაში კი "სამეფო კლუბმა" დაამარცხა ჰექტორ პურიჩელის გუნდი, მოგვიანებით კი ფინალში რეიმსსაც მოუგო. სანტიაგო ბერნაბეუს მკვიდრებისა და მილანის დუელი მომავალში იქცევა ევროპული ფეხბურთის ნამდვილ კლასიკად, არაერთი დაუვიწყარი მომენტით.
ასევე გამოსარჩევია: მილანი 5:1 დანდი (1962/63), ნოტინგემი 3:3 კიოლნი (1978/79), რეალი 3:3 მანჩესტერ იუნაიტედი (1967/68), რეალი 6:0 ციურიხი (1963/64).














