ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს არა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. პირველ რიგში სახსენებელია ბაიერნ მიუნხენი, რომელმაც პარის სენ-ჟერმენს სასურველი სასტუმრო არ დაუთმო. საუბარია Infinity Hotel-ზე, სადაც პსჟ გასული სეზონის ფინალის წინ დაბინავდა.
"ლურჯ-წითლებს" ამ სასტუმროსთან აკავშირებთ დადებითი მოგონებები - 5:0 მილანის ინტერთან და ჩემპიონთა ლიგის ისტორიული, პირველი ტიტული. რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ლუის ენრიკეს შეგირდებს მოუწიათ Andaz-ის არჩევა, რადგან Infinity Hotel-ში "რეკორდმაისტერი" დაბინავდა.
ამ ფაქტს გამოეხმაურა ალიანც არენას ბინადრების მთავარი მწვრთნელი, ვენსან კომპანი: "ეს არის ჩვენი ქალაქი, ჩვენი საშინაო მატჩი და ჩვენი სასტუმრო. დიახ, როდესაც ვთამაშობთ შინ, ყოველთვის Infinity Hotel-ში ვჩერდებით. არ ვაპირებთ ამ ყველაფერზე უარის თქმას", - განაცხადა ბელგიელმა დამრიგებელმა.
სასტუმროს თემა ფიგურირებს მადრიდის ატლეტიკოსა და ლონდონის არსენალის დაპირისპირებაშიც. ესპანური გუნდი ამ სეზონში ერთხელ უკვე იყო ინგლისის დედაქალაქში, როცა ლიგის ფაზაში "მეთოფეებთან" 0:4 განადგურდა. "როხიაბლანკოსმა" ამჯერად აირჩია სხვა სასტუმრო...ცრურწმენა?!
დიეგო სიმეონეს ჰკითხეს ამის შესახებ, რაზეც მან სასტუმროს შეცვლა ფინანსურ საკითხს მიაწერა. ვნახოთ, რომელი ორი გუნდისთვის დასრულდება წარმატებით სასტუმროების ომი. დღეს, მეტროპილიტანოს მკვიდრები დაუპირისპირდებიან მიკელ არტეტას შეგირდებს, ხვალ კი ბაიერნი პარკ დე პრენსის ბინადრებს მიიღებს.








