ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონი სტარტს 28 თებერვალს აიღებს. შესაბამისად, გუნდების წინასასეზონო შეკრებები ნელ-ნელა ფინიშისკენ მიდის.
უმაღლესი ლიგის მონაწილე სხვა გუნდების მსგავსად, თურქული შეკრება დაასრულა წყალტუბოს სამგურალმაც, რომლის მთავარი მწვრთნელიც 62 წლის იტალიელი სპეციალისტი როდოლფო ვანოლია.
გუნდის ოფიციალურ ვებგვერდთან, მთავარმა მწვრთნელმა, თურქულ შეკრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამგურალისთვის 2-კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერი იყო და რომ ახალ საფეხბურთო სეზონს განსაკუთრებული ინტერესით ელის:
“წინ საინტერესო სეზონი გველოდება და გამოწვევებისთვის მზად ვართ. ჩემი მიზანია, რომ სამგურალის ფეხბურთელებთან ერთად, როგორც წარმატებული მწვრთნელი, ისტორიაში შევიდე, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
საქართველოში ჩამოსვლამდე ვფიქრობდი, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო იყო ჩასატარებელი. რაც საქართველოში ჩამოვედი და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, დავრწმუნდი, რომ საინტერესო ჩემპიონატია, რომელშიც ბევრი, კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს. მათ შეუძლიათ განვითარდნენ და დიდი ფეხბურთი ითამაშონ.
სათამაშო ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ჩემი აზრით, საქართველო ამ კუთხით განვითარების გზაზე დგას. შენდება ახალი ბაზები და სტადიონები”.
იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით ფეხბურთელების გვარებს ვერ დაასახელებს, თუმცა მის ძმას, პაოლო ვინოლის, რომელიც სერია ა-ს ტორინოს მთავარი მწვრთნელია, სამგურალის ამ ორ ფეხბურთელზე დაკვირვება შესთავაზა.
პაოლო ვანოლი ტორინოს მთავარი მწვრთნელი 2024 წლის 1 ივლისიდანაა. ამ დროში, 52 წლის პაოლომ, გუნდთან ერთად 27 მატჩის ჩატარება მოასწრო:
“6 თვეა, რაც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ და რასაც ამ ხნის განმავლობაში მივაღწიეთ, ეს მარტო ჩემი კი არა, ფეხბურთელების დიდი დამსახურებაა. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც სერია ა-შიც თავისუფლად ითამაშებდნენ.
ჩემი უმცროსი ძმა, პაოლო ვანოლი ტორინოს მთავარი მწვრთნელია, მას ჩვენს ორ ფეხბურთელზე ვესაუბრე და მათზე დაკვირვება შევთავაზე. თუმცა, ამ ეტაპზე, ფეხბურთელების კონკრეტულ გვარებს ვერ დავასახელებ.
ზოგადად, ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. როცა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, ნიკა ხორხელი იჯარით იბერიაში გადავიდა, გუნდის პრეზიდენტისთვის ახალი თავდამსხმელის მოყვანა არ მითხოვია, რადგანაც, მჯერა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ, მათი მეიმედება. ჩვენი კლუბის მიზანიც ის უნდა იყოს, რომ ახალგაზრდები დავაწინაუროთ და გაზრდის საშუალება მივცეთ. როცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნებათ, ახალგაზრდები თვითონ განვითარდებიან, თამაშებს მოიგებენ.
6 თვეა აქ ვარ და ვფიქრობ, ყველამ დაინახა, რომ კარგი გუნდი შევიკრიბეთ და შედეგებიც გვაქვს”.
როდოლფო ვანოლიმ ქართველ ხალხზეც ისაუბრა და აღნიშნა, საქართველომ მასზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა:
“მწვრთნელობა რთული საქმეა, ხშირად ოჯახიდან შორს, უცხო გარემოში გიწევს ყოფნა, მაგრამ ასეთი ცხოვრება მიყვარს: მომწონს სტადიონზე გასვლა, ჩემი საფეხბურთო თვისებებისა და ხედვის სხვებისთვის გადაცემა...
საქართველოში ნამყოფი არ ვიყავი, აქაურობა ძალიან მომწონს. კარგი ხალხი შემხვდა, მათ თავი ისე მაგრძნობინეს, როგორც საკუთარ სახლში. ამ ხალხისთვის მადლობის თქმა არ მომბეზრდება.
მწვრთნელობა ისეთი საქმეა, ბევრს ვმუშაობთ, მუდამ სტადიონზე ან ოფისში ვარ. ქვეყნის დათვალიერება ჯერ ვერ მოვახერხე. თბილისისა და ბათუმის სანახავად დრო ვერ გამოვძებნე, რომ საქართველოზე უფრო ვრცლად მესაუბრა.
როცა წყალტუბოში ვმოძრაობ, ხალხი პატივისცემის ნიშნად, ცდილობს იტალიურად მელაპარაკოს, ჩემთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ადგილობრივების ასეთი სითბო და დამოკიდებულება ძალიან მაბედნიერებს. იმედი მაქვს, რომ მათ დიდ სიხარულს მოვუტანთ”.
როდოლფო ვანოლის წყალტუბოს სამგურალმა თურქულ შეკრებაზე 5 საკონტროლო მატჩი გამართა და მოსამზადებელი ეტაპი მარცხის გარეშე დაასრულა.
2025 წლის სეზონს წყალტუბოს სამგურალი კოლხეთი 1913-ის წინააღმდეგ 1 მარტს, 15:00 საათიდან, წყალტუბოში გახსნის, ხოლო უმაღლესი ლიგის მეორე ტურში, 6 მარტს, დინამო თბილისს, დინამო არენაზე, 19:00 საათიდან ესტუმრება.
შენიშვნა: მასალა შეიცავს სამგურალის ფოტოებს