რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება — ლაიფციგში სჯერათ, რომ ჩავი სიმონსი გუნდში კიდევ ერთხელ დაბრუნდება. იმის მიუხედავად, რომ სიმონსის დამატება ბაიერნს, ბარსელონასა და მანჩესტერ იუნაიტედს სურდათ, 21 წლის ნიდერლანდელი, დიდი ალბათობით, რედ ბულის გუნდში დაბრუნდება.
ბოლო საათებში ლაიფციგის აღმასრულებელი დირექტორი ფეხბურთელის აგენტს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და როგორც გერმანულ პრესაში იწერება, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. საუბარია 1-წლიან მშრალ იჯარაზე.
ჩავი სიმონსი ამ დრომდე პსჟ-ს საკუთრებაში იმყოფება, თუმცა ფეხბურთელს ამ ზაფხულს პარიზში დაბრუნების სურვილი არ გამოუხატავს, შესაბამისად, მხარეები ახალი სეზონის წინ, გამოსავალს ეძებდნენ. პარიზელთა პირობა მარტივი იყო: სიმონსს შეუძლია გუნდის დატოვება, თუმცა მხოლოდ იჯარის წესით, რაც ლაიფციგისთვისაც მისაღებია.
ახალგაზრდა ნიდერლანდელმა წინა სეზონიც ლაიფციგში გაატარა, თანაც საკმაოდ წარმატებულად: 43 მატჩი, 10 გატანილი გოლი და 15 საგოლე გადაცემა...ახლა კი მხარეები მეორე რაუნდისთვის ემზადებიან.