ბერნარდუ სილვა მანჩესტერ სიტის დასატოვებლად ემზადება. გამოცდილი პორტუგალიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 წლის ნახევარმცველის დამატება ნებისმიერ გუნდს სრულიად უფასოდ შეეძლება.
გასულ თვეებში ბერნარდუ სილვას იუვენტუსს აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა იმის ფონზე, რომ "ბიანკონერი“ დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება, პორტუგალიელის იტალიაში გადასვლის შანსებმა საგრძნობლად იკლო. ასევე განიხილებოდა ბენფიკაში ტრანსფერიც, თუმცა ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ გეგმავს.
რამდენიმე საათის წინ კი ბერნარდუ სილვას შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა — როგორც ირკვევა, პორტუგალიელის ტრანსფერზე ატლეტიკო მადრიდი მუშაობს. გავლენიანი ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, სადაც მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს. ზემოხსენებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, მადრიდელები მზად არიან ბერნარდუ სილვას 3-წლიანი კონტრაქტი და სოლიდური ანაზღაურება შესთავაზონ.
ბერნარდუ სილვა ზემოხსენებული კლუბების გარდა ინტერს, რეალ მადრიდსა და ბარსელონასაც დაუკავშირეს, თუმცა ამ ეტაპზე ეს გუნდები პორტუგალიელის ტრანსფერზე აქტიურად არ მუშაობენ. მომდევნო სეზონის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს კვირებში სიტუაცია შესაძლოა სრულად შეიცვალოს და 31 წლის ფეხბურთელი ისეთ კლუბშიც ვიხილოთ, რომელთან დაკავშირებითაც აქამდე არაფერი დაწერილა.














