"პირადმა მიზეზებმა, რაც ამ 3 წელში გამოვიარე, ჩემზე ძალიან იმოქმედა. სანამ ხელის ოპერაციას გავიკეთებდი, ჩოგბურთისთვის თავის დანებება მინდოდა"
ერთ დროს, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტებს დაუბრუნდა, დიდი პროგრესი განიცადა და რეიტინგში 157-ე პოზიციას იკავებს, თუმცა მისი მიზანი კიდევ უფრო მაღალია.
33 წლის ბასილაშვილი LaGazzetta.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა ყველა იმ თემაზე, რაც მან ამ წლების განმავლობაში გაიარა.
პირველ რიგში, როგორია შენი ამჟამინდელი მდგომარეობა?
"ვერ ვიტყვი, რომ ამჟამად კარგ ფორმაში ვარ. მაიამის ტურნირზე კუნთი გავიწყვიტე და ვცდილობ, ფორმა აღვიდგინო. მოგეხსენებათ, მძიმე ტრავმის შემდეგ, დიდი შრომა დამჭირდა, რომ დავბრუნებულიყავი და შევძელი, საუკეთესო 150-ეულში შევსულიყავი, რაც ჩემნაირი ჩოგბურთელისთვის ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთულია, რადგან ერთ დროს ტოპ 20-ის წევრი ვიყავი."
რეიტინგში მე-16 ადგილზე იყავი, მსოფლიოს გამორჩეულ ჩოგბურთელებს შორის მოხვდი, თუმცა დაიწყო რეგრესი...
"იმ პერიოდში, ჩემი მიზანი საუკეთესო 10 ჩოგბურთელში მოხვედრა იყო, თუმცა ბევრმა ფაქტორმა შემიშალა ხელი. ჩემმა პირადმა მიზეზებმა, რა სტრესიც ამ წლებში გამოვიარე, ჩემზე ძალიან იმოქმედა. ხელის ოპერაციამდე, ჩოგბურთისთვის თავის დანებება მინდოდა, რადგან დაბალი რანგის ტურნირების მოგება ჩემი მოტივაცია არ იყო. მიზნად დიდი ტურნირების, თუნდაც მასტერსის მოგება მქონდა დასახული. ინდიან უელსის ფინალის წაგება კი ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო"
ხედავ თუ არა მომავალში ამ პრობლემების გამოსწორების გზას?
"33 წელი ისეთი ასაკია, კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში და მიზნად ვისახავ, რომ მომდევნო 2 წელში ჩვეულ ფორმას დავუბრუნდები. პრობლემა ის მაქვს, რომ ძალიან მიჭირს ემოციურად თავის გაკონტროლება. მარტივად რომ გითხრათ, სპორტულ და ფიზიკურ ფორმას არ ვუჩივი და დაახლოებით ისეთივე ფორმაში ვარ, როგორშიც ფორმის პიკში ვიყავი, უბრალოდ ფსიქოლოგიური პრობლემა მაქვს და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მინუსი. ჩოგბურთი კი ისეთი სპორტია, რომ თუ ფსიქოლოგიურად მომზადებული არ ხარ, წარმატების მიღწევა რთულია."
როლან გაროსი ახლოვდება. რა მიზნები გაქვს დიდი სლემის ტურნირზე?
"როლან გაროსის საკვალიფიკაციოზე ვითამაშებ, მანამდე კი კიდევ რამდენიმე ტურნირზე გავალ, რათა თამაშიდან თამაშამდე ფორმაში შევიდე. ისე დაემთხვა, რომ ჩემს კარიერაში დიდი სლემის ტურნირებზე განსაკუთრებული წარმატება არ მქონია. ახლა მიზანი როლან გაროსის ძირითად ბადეში მოხვედრა და შემდეგ, ამერიკის ღია პირველობისთვის მზადებაა."
როგორც ჩანს, ბასილაშვილი სხვა ქართველი სპორტსმენების წარმატებულ ასპარეზობას თვალს აქტიურად ადევნებს და მათი დიდი გულშემატკივარია.
"კვარაცხელიას, თოფურიას, დვალიშვილის, ყველა წარმატებულ ქართველ სპორტსმენს თვალს ვადევნებ. გავიხსენებ საქართველოს ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე. ის ემოცია, რაც პორტუგალიასთან მატჩში განვიცადე, არცერთ მატჩში, არცერთ კორტზე არ განმიცდია. "
ერთ-ერთ მატჩში, როცა რაფაელ ნადალს შეხვდი, მატჩის შემდეგ რაფამ თქვა, მსგავსი ძლიერი დარტყმის მქონე ჩოგბურთელს ჯერ არ შევხვედრივარო...
"დიახ, იმ პერიოდში ყველაზე ძლიერი დარტყმების მაჩვენებლით ყოველთვის პირველ ადგილზე ვიყავი ხოლმე. ბოლო დროს, ATP-მ ბურთების ზომა გაზარდა, ბურთი უფრო ჰაეროვანი გახდა და ჩემი სტილის მოთამაშისთვის, ძლიერი დარტყმების შესრულება გაჭირდა. დღეს, ჩოგბურთს ის იგებს, ვისაც უფრო ნაკლები შეცდომა აქვს და არა ის, ვინც უფრო მეტ ბურთს აგდებს. ფაქტია, ჩოგბურთი შენელებულია.ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი - ასეთი მაღალი დონის ჩოგბურთელების წინააღმდეგ თამაში სასიამოვნო იყო, მაგრამ უფრო მაღალი მიზნები მქონდა, რაც სამწუხაროდ არ გამოვიდა. საბოლოო ჯამში, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრი კარგი მატჩი ჩავატარე. ახლა აქცენტს მომავალზე ვაკეთებ, რათა მომდევნო 2 წელი მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი მიზნების შესრულებაში. თუ მატჩების დროს ფსიქოლოგიური სტრესის გადალახვას შევძლებ, ვფიქრობ, შემიძლია, დასახულს მიზანს მივაღწიო.
ვინ არის ყველაზე უხერხული მეტოქე ვის წინააღმდეგაც გითამაშია?
"ნადალი თიხაზე. ისე თამაშობდა, რომ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ვერანაირი გასაღები ვერ ვუპოვე, როგორ უნდა მეთამაშა"
ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი შენი კარიერიდან...
"ჰამბურგის ტურნირი მოვიგე, კიდევ ბევრი წარმატებული თამაში მქონდა, მაგრამ ინდიან უელსის ფინალში გასვლა ჩემთვის ყველაზე ემოციური იყო. ძალიან მინდოდა, რომ ეს პრესტიჟული ტურნირი მომეგო, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოვიდა."
ჩოგბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია მსოფლიოში, თუმცა შენს შემდეგ, წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი არ გამოჩენილა. რა არის ამის მიზეზი?
"საქართველოში ჩოგბურთის მხრივ კატასტროფული სიტუაციაა. მთლიანად სისტემაა შესაცვლელი. როცა ხელის ოპერაციას ვიკეთებდი, საქართველოს ნაკრებიდან გამიშვეს. ეგონათ, კარიერას ვასრულებდი და ნაკრებს მიღმა ვარ. თან ისე, რომ არაფერი უკითხავთ."
უნდა ველოდოთ ძველი ბასილაშვილის დაბრუნებას?
"ბოლო პერიოდში, ბევრი ისეთი წაგება მქონდა, რომ მეეჭვება ის გულშემატკივრები შემენარჩუნებინა, რომლებიც ჩემი კარიერის პიკის დროს მგულშემატკივრობდნენ. ბევრი სირთულის მიუხედავად, ყველაფერი 0-დან დავიწყე და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ისევ ისეთი დავბრუნდე. ეს კი რეალობას მოწყვეტილი არაა, რადგან კარგ სპორტულ ფორმაში ვარ. მთავარი ფსიქოლოგიური მომენტის გადალახვაა."








