როგორც LaGazzetta.ge-სთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელთან, გიორგი ჩუბინიძესთან დაკავშირებით ბორნმუთს: ატლეტიკომ, ბენფიკამ და ბეტისმა მიმართეს. დაინტერესებამ ოფიციალური სახე მიიღო და ბოლო ინფორმაციით, გიორგის სამომავლო კარიერასთან დაკავშირებული საკითხები სეზონის ბოლომდე უნდა გაირკვეს.
LaGazzetta.ge ფეხბურთელის მენეჯერს, დემნა ოზაშვილს ესპანეთში დაუკავშირდა:
,,გიორგის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, აქტიურად მიდის მუშაობა ესპანურ კლუბებთან. რამდენიმე კვირის წინ, საქმეში ჩაერთო ბენფიკაც და ვნახოთ, მოლაპარაკებები როგორ წარიმართება. ვფიქრობ, სეზონის მეორე ნახევარში გიორგის ახალი კლუბი უკვე გვეცოდინება.
გიორგიმ სეზონი შესანიშნავად დაიწყო და დიდი იმედი გვაქვს, ის ჩვენს ნაკრებსაც გამოადგება.
გეტყვით იმასაც, რომ გიორგი გახდა Adidas-ის სახე და ბედნიერი ვარ, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ პირველი ქართველი იქნება, რომელიც აღნიშნულ ბრენდს წარმოადგენს".
გიორგი ჩუბინიძემ საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფორმა 14 წლის ასაკში მოირგო. ამ დრომდე, ფეხბურთელმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 2 ამხანაგური და 6 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
გასულ წელს, სეზონის განახლებამდე 1 წლით ადრე, 17 წლის ჩუბინიძემ ბორნმუთის U18-ის სკოლარშიპი მიიღო, რომლის გათვალისწინებითაც მიმდინარე საფეხბურთო სეზონში უნაზღაურდება ცხოვრების ხარჯები, უზრუნველყოფილია განათლება და ხელფასი.
ინფორმაციისთვის გეტყვით იმასაც, რომ გიორგის მამა ქართველია - თორნიკე ჩუბინიძე, დედა პორტუგალიელი - კარლა გონსალვესი და ასევე, ჰყავს 4 წლით უფროსი ძმა - დავითი.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტო