დღეს 26 აგვისტოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა კი სულ რაღაც 5 დღეში იხურება და რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ვიქტორ ოსიმენი კვლავ ნაპოლის ფეხბურთელია... რამდენიმე თვის წინ, ასეთ რთულ სიტუაციას ვერც ფეხბურთელი წარმოიდგენდა და ვერც აურელიო დე ლაურენტისი. ნიგერიელი ფორვარდის ტრანსფერზე ჯერ პსჟ მუშაობდა, შემდეგ კი ჩელსი, თუმცა ამ დრომდე, არც ერთ კლუბში ტრანსფერი არ შემდგარა.
სულ რამდენიმე საათის წინ კი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ პრესაში — ალ-აჰლი ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ €65 მილიონს იხდის და როგორც ირკვევა, ნაპოლი მზად არის ამ თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელს შეელიოს! ნაპოლისთვის ოსიმენის ტრანსფერის შემთხვევა იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ დე ლაურენტისი თანახმაა 25 წლის ფეხბურთელი მოთხოვნილ თავდაპირველ თანხაზე, ორჯერ ნაკლებად გაუშვას.
იმის მიუხედავად, რომ ნაპოლი და ალ-აჰლი შეთანხმებასთან ახლოს არიან, ოსიმენმა ჯერ არ იცის საუდის ლიგაში გადასვლა მისთვის სწორი ნაბიჯი იქნება თუ არა. უახლოეს საათებში ამ პოტენციურ გარიგებასთან დაკავშირებით, უფრო მეტ სიახლეს შევიტყობთ.
რაც შეეხება ჩელსის, არსენალსა და პსჟ-ს, ამ გუნდების ინტერესი კვლავ რეალურია, თუმცა ფეხბურთელის სანაცვლოდ შეთავაზების გაკეთებას გეგმავენ თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.