ერიკ ტენ ჰაგი მანჩესტერის წითელ მხარეში "პატარა აიაქსის" მშენებლობას აგრძელებს. "წითელმა ეშმაკებმა" სულ რამდენიმე საათის წინ, აიაქსის კიდევ ორი ყოფილი ფეხბურთელი წარადგინეს, კერძოდ
მატეის დე ლიხტი და
ნუსაირ მაზრაუი. ნიდერლანდელი მწვრთნელის პროექტი სრული სვლით წინ მიიწევს და იმის მიუხედავად, რომ წინა სეზონი საკმაოდ რთული გამოდგა, უფროსობა 54 წლის სპეციალისტს ბოლომდე ენდობა.
რამდენი დახარჯა მანჩესტერ იუნაიტედმა აიაქსის ყოფილ ფეხბურთელებში?
ანტონი €95 მილიონი;
ანდრე ონანა €50 მილიონი;
ლისანდრო მარტინესი €57.4 მილიონი;
მატეის დე ლიხტი €45 მილიონი;
ნუსაირ მაზრაუი €15 მილიონი;
ჯამში, მანჩესტერ იუნაიტედმა ტენ ჰაგის ყოფილ შეგირდებში არც მეტი, არც ნაკლები €262.4 მილიონი დახარჯა, რასაც ბონუსებსაც თუ დავუმატებთ, €300 მილიონზე ძალიან მარტივად ავალთ.
ანტონის, ონანასა და ლისანდრო მარტინესის ტრანსფერებმა შეიძლება ითქვას, რომ ვერ გაამართლა. ბრაზილიელი ვინგერი იმის ნახევარსაც ვერ აჩვენებს, რასაც აიაქსში მაყურებელს სთავაზობდა. 82 შეხვედრაში 11 გატანილი გოლი და 5 საგოლე გადაცემა, ნამადვილად ცუდი სტატისტიკაა. ონანას არადამაჯერებელი თამაში კი ყველას სასაუბრო თემაა — კამერუნელმა კარის დარაჯმა 52 მატჩში, 84 გოლი გაუშვა და კარი მშრალად მხოლოდ 13-ჯერ შეინახა, რაც ასეთი ძვირადღირებული მეკარისთვის საშინელი სტატისტიკაა. ხოლო რაც შეეხება მარტინესს, არგენტინელი ამ სამეულიდან ყველაზე კარგ თამაშს აჩვენებს, თუმცა ამის საშუალება ხშირად არ ეძლევა, რადგან საკმაოდ ბევრ ტრავმას იღებს.
ახლა კი დე ლიხტის და მაზრაუის ჯერი დადგა, ფეხბურთელების, რომლებიც ტენ ჰაგის აიაქსის წამყვანი მოთამაშეები იყვნენ — მანჩესტერ იუნაიტედის ქომაგები ამ ორ ტრანსფერს იმედიანად უყურებენ და სჯერათ, რომ წინამორბედებზე უკეთეს პერფორმანსს აჩვენებენ.