ოფიციალურად: მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ვეტერანმა პოლონელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ მხარეები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახალ კონტრაქტზე მუშაობდნენ, საბოლოოდ თანამშრომლობის გაგრძელება ვერ მოხერხდა და ოთხწლიანი ისტორია დასრულდა.
რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონაში 2022 წელს გადაბარგდა. პოლონელმა ფეხბურთელმა ამ პერიოდში 191 მატჩის ჩატარება მოასწრო, 119 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ლევანდოვსკიმ ამ დროის განმავლობაში ბარსელონასთან ერთად 7 ტიტულის მოგებაც მოახერხა.














