გოლების მანქანა სახელად ვიქტორ გიოკერესი გაჩერებას არ აპირებს! 26 წლის შვედი გოლეადორი უკვე მეორე სეზონია, რაც პორტუგალიის ჩემპიონატს აზანზარებს და ლოგიკურია, რომ მის გარშემო სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ. პორტუგალიური გამოცემების ინფორმაციით, ფეხბურთელი სეზონის ბოლოს სპორტინგს აუცილებლად დატოვებს, იქამდე კი იმ გუნდების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც შვედი ფორვარდით უკვე ინტერესდებიან.
მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი, ლივერპული და ჩელსი — დიახ, ხუთივე გუნდი საქმეშია! როგორც ცნობილი ხდება, ინგლისური კლუბების წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვეს. ამ მომენტისთვის მეტი ცნობა პორტუგალიურ და ინგლისურ გამოცემებში არ ვრცელდება, მაგრამ საინტერესოა როგორ გამოიყენებს მანჩესტერ იუნაიტედი რუბენ ამორიმის უპირატესობას. პორტუგალიელი "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი უახლოეს დღეებში გახდება და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ გიოკერესი გუნდის #1 სამიზნე გახდეს. ინგლისური გრანდების გარდა, დიდი შანსია საქმეში სხვა კლუბებიც ჩაერთვნენ.
გიოკერესი სპორტინგის ღირსებას 2023 წლიდან იცავს. შვედმა ფორვარდმა ამ დროში 65 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 59 გოლი და 19 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ფეხბურთელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €100 მილიონი უწერია, კლუბთან არსებული კონტრაქტი კი 2028 წლამდე აკავშირებს.