უარი რეალ მადრიდს,
ალფონსო დევისი ბაიერნში რჩება! იმის მიუხედავად, რომ ბაიერნი და კანადელი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტზე თვეების განმავლობაში ვერ თანხმდებოდნენ, მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება მაინც გადაწყვიტეს. გერმანული გრანდი 24 წლის განაპირა მცველს ახალ 4.5-წლიან კონტრაქტსა და სოლიდურ ხელფასს სთავაზობს, რაზეც ფონზიმ თანხმობა უკვე განაცხადა. დარჩენილია კონტრაქტის ბოლო დეტალების მოგვარება, თუმცა მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს.

რეალ მადრიდი ალფონსო დევისით დიდი ხნის განმავლობაში ინტერესდებოდა — ფლორენტინო პერესი როგორც ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის, ისე კანადელი მცველის უფასოდ დამატებასაც გეგმავდა, მეტიც, მხარეები პოტენციურ ტრანსფერზე მუშაობდნენ კიდევაც, თუმცა როგორც ჩანს ფეხბურთელმა მადრიდულ გრანდს უარი უთხრა.
ალფონსო დევისი ბაიერნში 2019 წლიდან მოყოლებული ირიცხება. ამ დროში კანადელმა განაპირა მცველმა 218 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 12 გოლი და 34 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.