ტიბო კურტუა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. მართალია, ის უკვე დაუბრუნდა მოედანს, თუმცა კონტინენტის პირველობის დაწყებამდე სრულფასოვნად აღდგენა ბელგიელი კარის დარაჯისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია. გავიხსენოთ, თუ რა კოშმარი გამოიარა მეკარემ 2023/24 წლების სეზონში.
მადრიდის რეალის მეკარის პრობლემები დაიწყო ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე, აგვისტოში, როდესაც მას ჯვარედინი მყესები გაუწყდა. ამ ყველაფერს თან სდევდა ქირურგიული ჩარევა და 7-თვიანი რეაბილიტაციის პროცესი. 32 წლის კარის დარაჯი იანვარში მსუბუქი დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა, მარტში კი მისი სრულფასოვანი დაბრუნებაც იგეგმებოდა.
უფრო კონკრეტულად კი 31 მარტს, როდესაც "სამეფო კლუბი" თანაქალაქელ ატლეტიკოს ხვდებოდა. ლა ლიგის ჩემპიონების პირველ ნომერს ის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში უნდა დაეწყო, მაგრამ მას მორიგი ტრავმა აღმოაჩნდა: მარჯვენა მუხლის მენისკის დაზიანება, რაც სეზონის დასრულების მაუწყებელი გამოდგა.
კურტუამ, საერთო ჯამში, ლაზარეთში გაატარა 274 დღე, "ბლანკოსმა" კი მთელი ამ დროის განმავლობაში 48 შეხვედრა გამართა. ასევე, მის არყოფნაში ბელგიის ეროვნულმა გუნდმა შვიდი მატჩი ჩაატარა. სანამ ტიბო საოპერაციო მაგიდაზე იწვა, კარლო ანჩელოტის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალამდე მიდიოდა.
"წითლებმა" ევროპის ჩემპიონატის საგზური ერთი ამოსუნთქვით მოიპოვეს. ბელგიელი მეკარის ნანატრი დაბრუნება კი შედგა 4 მაისს, კადისთან შეხვედრაში, რომელშიც მან კარის მშრალად შენახვა შეძლო. ბერნაბეუს ბინადრების მეკარემ, ასევე ბურთის გაშვების გარეშე ითამაშა გრანადასთან, ალავესსა და ბეტისთან.
ლა ლიგაში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ, 32 წლის მეკარის გარშემო ორი მთავარი კითხვა ისმოდა - ითამაშებდა თუ არა ის ევროპის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში? პირველ კითხვას პასუხი გაეცა: 28 მაისს, როდესაც ბენილუქსელებმა დაასახელეს ევრო 2024-სთვის განკუთვნილი საბოლოო შემადგენლობა.
"ეშმაკების" განკარგულებაში არ არის რეალის პირველი ნომერი და ეს ფაქტი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომ შემდეგნაირად განმარტა:
"კურტუამ სხვებზე უკეთ იცის, თუ რა სახის დატვირთვას გაუძლებს მისი სხეული. მან თამაში განაახლა სულ რაღაც ცოტა ხნის წინ, ევრო 2024-ზე კი მოედანზე გასვლა ყოველი 3-4 დღის შემდეგ არის საჭირო.
ჩვენ ვისაუბრეთ, რის შედეგადაც ჩავთვალე, რომ ტიბო ევროპის ჩემპიონატისთვის მზად არ არის", - განაცხადა იტალიელმა მწვრთნელმა.
უდავოდ, ბელგიელი კარის დარაჯი თავისი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ სამწუხაროდ, ევრო 2024 მისი მონაწილეობის გარეშე ჩაივლის.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალს, მადრიდელთა მეკარის შანსები 50/50-ზეა. ერთ მხარეს არის ის, მეორე მხარეს კი - ანდრეი ლუნინი, რომელმაც კონკურენტის არყოფნაში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. "სამეფო კლუბმა" ფინალამდე მიმავალი გზა უკრაინელ კარის დარაჯთან ერთად გამოიარა და არსებობს მოსაზრება, რომ სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩში ცვლილებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
დიახ, უკრაინის ნაკრების მეკარემ ნამდვილად დაიმსახურა ფინალში თამაში, თუმცა რა უნდა ქნას 32 წლის კიპერმა, რომელმაც ისედაც გამოტოვა მთელი სეზონი და მას ევრო 2024-ზე მონაწილეობაც არ უწერია? - ჩემპიონთა ლიგის მთავარ მატჩში თამაში "ბლანკოსის" 1 ნომრისთვის ნამდვილი საჩუქარი იქნებოდა, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ 2 წლის წინანდელ ფინალს, რომელშიც მან ნამდვილი საოცრებები ჩაიდინა.
შეგახსენებთ, კურტუამ ლივერპულთან დაპირისპირებაში ბურთი ცხრაჯერ მოიგერია და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დამსახურებულად მიიღო. ერთი სიტყვით, ფინალში წარმატებულად თამაშის გამოცდილება ბელგიელი კარის დარაჯის მხარეს არის.
სანამ საფეხბურთო სამყარო ბჭობდა ტიბოსა და მისი 25 წლის კონკურენტის გარშემო, ანჩელოტიმ ამ საკითხზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ფინალში თამაშს ორივე მათგანი იმსახურებს. ლუნინი ატარებს ბრწყინვალე სეზონს, კურტუა კი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. საბოლოო გადაწყვეტილებას მატჩის დაწყების წინ მივიღებ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. ცნობისთვის, უკრაინელი კარის დარაჯი არ ჩანდა ბერნაბეუს ბინადრების ბოლო ვარჯიშებზე, რითაც ჭორების ახალი ტალღა აგორდა.
პრესაში იწერებოდა ანდრეის ტრავმის შესახებ, ეს ფაქტი კი ბელგიელ მეკარეს გზას ფინალამდე პირდაპირ უხსნიდა. კარლომ ისაუბრა ამ ფაქტის შესახებაც და აღნიშნა, რომ მისი გუნდის კარის დარაჯი გაციებულია, მაგრამ დორტმუნდის ბორუსიასთან მატჩისთვის ის მწყობრში იქნება. ვნახოთ, რომელი მათგანი აღმოჩნდება რეალის ძირითად შემადგენლობაში.
ტიბოს უმძიმესი ტრავმები იმდენად რეზონანსული მოვლენა იყო, რომ Amazon Prime-მა მის რეაბილიტაციის პროცესს დოკუმენტური ფილმიც კი მიუძღვნა. ტრეილერში ჩანს და ისმის, თუ როგორ იტანჯება მადრიდელთა კარის დარაჯი. ნამდვილად სამწუხაროა 2022 წლის ფინალის მთავარი გმირის ასეთ მდგომარეობაში ხილვა.
23 აგვისტოს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან საკრამენტოში დაგეგმილ UFC Fight Night 285-ის ფარგლებში რომან დოლიძე რენიე დე რიდერს დაუპირისპირდება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული ჩხუბისგან. ქვემძიმე წონით დივიზიონში დაბრუნება დოლიძეს UFC-ში ჩატარებული აქვს 14 ბრძოლა და მისი მ…
როდრი ერნანდესი გადავიდა ბარსელონაში, იქამდე ცოტა ხნით ადრე კი ბერნარდუ სილვა - მადრიდის რეალში. 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა თითქოს გვთავაზობდა საპირისპირო სცენარს: ესპანელი შუახაზელი იყო ახლოს "სამეფო კლუბთან", პორტუგალიელი ფლეიმეიქერი კი კატალონიელებთან. მანჩესტერ სი…
16 აგვისტოს, ჩვენი დროით 05:00 საათიდან, UFC 330-ის ფარგლებში ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ქამარს იან მაჩადო გარის წინააღმდეგ დაიცავს. ეს არის დუელი, რომელსაც არ აკლია არც ინტრიგა, არც დრამატულობა და არც ისტორიული კონტექსტი. განვიხილოთ დეტალურად, თუ რას გვიმზადებს…
საკლუბო სეზონი ტრადიციულად გაიხსნება უეფას სუპერთასის დაპირისპირებით - კვლავ პარი სენ-ჟერმენი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე იმარჯვა მიყოლებით მეორედ და მისი მოწინააღმდეგე, ევროპა ლიგის ტრიუმფატორი ასტონ ვილა. აღნიშნულ შეხვედრას არც ინტრიგა აკლია და არც ისტორიული კონტექსტი. პსჟ-ს გამ…
ლეგენდარული ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიტყვები არ არის საკმარისი იმის ასაღწერად, თუ როგორი დიდებული ფეხბურთელი იყო იტალიელი უკანახაზელი. კაპიტანი, რომელმაც საფეხბურთო მოედანზე გამოიარა და ნახა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. გთავაზობთ მოგზაურობას "აძურისა" და მილანი…
იტალიური ფეხბურთი - მოვლენა, რომელიც წარმოუდგენელია სკანდალის გარეშე. ჩაწყობილი მატჩები, კავშირი მაფიასთან, ქრთამი, აკრძალული ნივთიერებები სპორტსმენებს შორის და ბევრი სხვა. ეს არის კალჩო...დიდებული და საშინელი. დღეს ვისაუბრებთ იტალიური ფეხბურთის 10 მთავარ სკანდალზე. ტოტონერო | და…
სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ავტორიტეტულმა გამოცემებმა რეალ მადრიდის როდრით დაინტერესების შესახებ დაწერეს. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი ჯერ მხოლოდ მოლაპარაკებების ეტაპზეა, ესპანეთსა და ინგლისში უკვე აქტიურად მსჯელობენ, რატომ მიიჩნევს ჟოზე მოურინიო სწორედ მანჩესტერ…