ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ ტურნირისკენაა მიმართული - ბევრი გოლი, დაძაბულობა, მოგების წყურვილი. ამ ყველაფერის მთავარი მოქმედი პირი კი ქართველია.
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს გაოცებას არ წყვეტს. თუ აქამდე კვარას ჯადოქრობებზე ნეაპოლელი და იტალიელი გულშემატკივრები საუბრობდნენ, ხვიჩამ მაშტაბები გაზარდა და უკვე ყველა მასზე საუბრობს.
პარიზში შესრულებული დუბლის და უხვგოლიანი მატჩის შემდეგ, მეორე მატჩი მიუნხენში შედგა, სადაც ბევრი გოლი არ გავიდა, მაგრამ გულშემატკივარმა მაინც მაღალი დონის სანახაობრივი მატჩი იხილა.
მიუნხენის ქუჩებში დილიდან საფეხბურთო გარემო იყო. ცენტრალურ ქუჩებში ყველა ბაიერნის მაისურით დადიოდა და მატჩისწინა განწყობას იქმნიდა. ქუჩებს დღის მეორე ნახევარში პარიზელი გულშემატკივრებიც შემოუერთდნენ. საზღვარზე დიდხანს გააჩერეს და ცოტა დააგვიანეს.
ტიფოსები მარიენპლაცზე შეიკრიბნენ, ლუდს სვამდნენ და მიუნხენელი გულშემატკივრის სიჭარბეს "პარიზ პარიზ"-ის ძახილით ფარავდნენ. ქართული დროშის დანახვისას, სახე ეცვლებოდათ და ხვიჩა კვარაცხელია ახსენდებოდათ. სხვათაშორის, ბევრი ქართველი გულშემატკივარიც ვნახეთ, რომლებიც სპეციალურად ამ მატჩისთვის იყვნენ ჩამოსულები.
მატჩამდე 4 საათით ადრე, ბაიერნის და პსჟ-ს ფანები სტადიონისკენ მატარებლით დაიძრნენ. უცნაურია, მაგრამ ისე მოხდა, რომ მატარებელში ორივე გუნდის გულშემატკივრები ერთად მოხვდნენ. მატარებელი სტადიონთან გაჩერდა, ჩამოვედით და უცებ, ისე თითქოს, მძლეოსნობის ესტაფეტა ყოფილიყოს, 100-მდე ადამიანი ერთდროულად გაიქცა გასასვლელისკენ. როგორც ზემოთ ვთქვით, ორივე გუნდის ქომაგის ერთ ჭერქვეშ მოხვედრა უცნაური იყო და სინქრონში გაქცევის მიზეზიც მარტივი მისახვედრია - ფრანგმა და გერმანელმა გულშემატკივრებმა ერთმანეთში იჩხუბეს. პოლიციამ სიტუაცია მალევე გაანეიტრალა და პსჟ-ს ფანები სტადიონზე სხვა მხრიდან გაუშვეს, ბაიერნის ფანები სხვა მხრიდან.
ალიანს არენაზე საოცარი ატმოსფერო დაგვხვდა. სავსე ტრიბუნები მატჩამდე 1 საათით ადრე, სპეციალური პერფორმანსი ფეხბურთელების გამოსვლის დროს და საყვარელი გულშემატკივრის ქომაგობა ერთხმად. გერმანიაში ფანობის კულტურა სულ სხვა დონეზეა ასული.
ტრიბუნაზე ბაიერნის გულშემატკივრებში ერთი პსჟ-ს ფანი გამოერია, რომელიც ბაიერნის გაფუჭებულ მომენტებს და პსჟ-ს გოლს დამცინავად და ზედმეტად ემოციურად გამოხატავდა, რამაც ბაიერნის გულშემატკივრების გაბრაზება გამოიწვია და დაცვამ პარიზელი ქომაგი ტრიბუნიდან გააძევა.
მატჩს ბუდუ ზივზივაძეც დაესწრო, რომელსაც შესვენებაზე გავესაუბრეთ. ბუდუმ რამდენიმე დღის წინ ალიანს არენაზე დუბლი შეასრულა. ამ სტადიონზე თამაში ფეხბურთელისთვის დიდი სიამოვნებაა, საოცარი ატმოსფეროაო. კომპანიმ რომ მეორე ტაიმში თავისი ვარსკვლავი ფეხბურთელები მოედანზე გამოიყვანა, ვიფიქრე რა ხდებათქო და თამაშის მიმდინარეობა მთლიანად შეიცვალა, არადა ეს მოგება ძალიან გვინდოდაო.
ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ ბაიერნი იბრძოლებდა და ქამბექს დადებდა, მაგრამ იმედები მესამე წუთზევე გაქრა - ხვიჩას კედელი ფაბიან რუისთან, იდეალური გადაცემა დემბელეს და შესრულება ისე, როგორც ოქროს ბურთის მოქმედ გამარჯვებულს შეეფერება. მატჩის წინა გახურებაზე, პსჟ-მ ზუსტად იგივე გოლი გაიტანა, თითქოს ასლი ყოფილიყოს. კვარა ფლანგიდან გაიქცა, დემბელე ქართველს საჯარიმოს კიდეში დაელოდა და შეაგდო. როგორც ჩანს, პარიზელებს ეს კომბინაციები მრავალჯერ აქვთ დამუშავებული.
აშკარა იყო, რომ რეკორდმაისტერის მხრიდან მხოლოდ ჰარი კეინი იბრძოდა. გუნდის მთავარი ლიდერი მაიკლ ოლისე თამაშს მთლიანად გამოთიშული იყო და არაფერი გამოსდიოდა. მარცხის მიუხედავად, ბაიერნის გულშემატკივრებმა თავიანთი საყვარელი გუნდი ტაშით გააცილეს იმის იმედად, რომ ამ გუნდს მომავალში ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდი პოტენციალი აქვს.
თამაშის მეორე დღეს, მიუნხენში კვლავ ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა, შეთხელებული ხალხითა და სიწყნარით ისე, თითქოს წინა დღით არც არაფერი მომხდარა. გერმანული პრესა აჭრელებული იყო ბაიერნის მარცხის მიზეზებზე საუბრით, ხვიჩას და პსჟ-ს ფოტოებითა და ლუის ენრიკეს გმირობით.
ხვიჩა კვარაცხელიას კი შანსი აქვს, მორიგი ისტორია დაწეროს და ზედიზედ მეორე ჩემპიონობა იზეიმოს. ხოლო თუ ამ შემთხვევაში, მის მიერ თითებით ნაჩვენები "2" ბაიერნის კარში გატანილ დუბლს აღნიშნავს, 30 მაისს ამ "2"-ს სხვა დანიშნულება ექნება.














