რეალ მადრიდი ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად აკვირდებოდა როდრის სიტუაციას და მისი დამატების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავდა. ესპანელი ნახევარმცველი მადრიდული გრანდის ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედაც მოიაზრებოდა, რადგან კლუბში მიაჩნდათ, რომ მისი გამოცდილება, სათამაშო ინტელექტი და სტაბილურობა ნახევარდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებდა.
თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, მანჩესტერ სიტი და როდრი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან, რის გამოც ფეხბურთელის რეალ მადრიდში შესაძლო გადასვლა პრაქტიკულად გამოირიცხა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად მოთამაშეც ინგლისურ კლუბში დარჩენისკენ არის განწყობილი და მიმდინარე პროექტს სრულ ნდობას უცხადებს. მხარეები ახალი ხელშეკრულების ბოლო დეტალებს აგვარებენ და ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, 29 წლის ნახევარმცველი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
როდრი მანჩესტერ სიტის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავს, რა დროშიც ესპანელმა 296 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 28 გოლი და 32 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.















