
ძმები არველაძეები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ 90-იანების ბოლოს, ერედივიზიონში, როდესაც ერთი ძმა თამაშობდა აიაქსში, მეორე კი - ბრედაში. სამჯერ ჯერ მოიგო შოთამ, ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა. მათი ბოლო დაპირისპირება გაიმართა 1999 წლის 23 მაისს და ანგარიშით 2:2 დასრულდა. ცნობისთვის, ანგარიში იმ თამაშში არჩილმა გახსნა.



შოტლანდიის პრემიერ ლიგა, სეზონი 2001/2002, რეინჯერსი - დანდი. არველაძე და ქეცბაია ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ - პირველ წრეში დაფიქსირდა უგოლო ფრე, მეორე წრეში კი მოიგო შოთას გუნდმა, ანგარიშით 2:1. ცნობისთვის, მან იმ მატჩში გოლიც გაიტანა.

შოტლანდიაში გადასვლამდე, ქეცბაია თამაშობდა ინგლისში, სადაც ნიუკასლ იუნაიტედის შემადგენლობაში ქინქლაძის დერბი ქაუნთის დაუპირისპირდა. მატჩი დასრულდა ფრედ, 0:0. გიორგიმ ითამაშა 46 წუთი, თემური კი 84-ე წუთზე შეცვალეს. ეს ყველაფერი 2000 წლის 5 მაისს მოხდა.

ერთ მხარეს ავსტრიის ბუნდესლიგის მოქმედი ჩემპიონი და ლიგის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, კიტეიშვილი, მეორე მხარეს კი ალთუნაშვილი, რომელიც ევროპულ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს. დინამოსა და საბურთალოს დაპირისპირებები რომ არ ჩავთვალოთ, ოთარმა და სანდრომ ერთმანეთის წინააღმდეგ 3 მატჩი ჩაატარეს. 2-ჯერ მოიგო შტურმის ლიდერმა, ერთხელაც - ვოლფსბერგერის შუახაზელმა.

ამ ორ ფეხბურთელს ერთმანეთთან ნამდვილად ბევრი რამ აკავშირებს. კობიაშვილმა და იაშვილმა თანაგუნდელების რანგში ჩაატარეს 188 შეხვედრა, როგორც მეტოქეებმა კი - 10. ლევანი და ალექსანდრე მეტოქეები იყვნენ შალკესა და ფრაიბურგის დაპირისპირებების დროს, ასევე მაშინ, როდესაც ჰერტა კარლსრუეს ეთამაშებოდა.

დაპირისპირება, რომელიც ლა ლიგა 2-ში შედგა. ქოჩორაშვილის ლევანტემ გასვლაზე დაამარცხა წიტაიშვილის გრანადა, თანაც ისე, რომ სტუმარმა ლეგიონერმა გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "ბაყაყებმა" "ნასრიდებს" მოუგეს მე-2 წრეშიც და გიორგიმ ამ მატჩშიც შეაგდო.

სერია ა-ს უკანასკნელი წლების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი მიმდინარე სეზონის აღმოჩენის წინააღმდეგ. კვარაცხელიას ნაპოლი ესტუმრა გოგლიჩიძის ემპოლის, რომელსაც მინიმალური ანგარიშით მოუგო. მატჩის ერთადერთი ბურთი 11-მეტრიანით სწორედ ხვიჩამ გაიტანა.


















