მანჩესტერ იუნაიტედში გადაწყვეტილება მიიღეს — გუნდი მარკუს რაშფორდის გაყიდვას გეგმავს. ფეხბურთელს ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობეს. რუბენ ამორიმი ინგლისელ შემტევს არ ენდობა, მეტიც, ფეხბურთელი სამატჩო განაცხადშიც კი ვეღარ ხვდება. ამ ყველაფერს კი რაშფორდის განცხადებაც მოჰყვა, სადაც ფეხბურთელი ახალ გამოწვევაზე საუბრობს.
"წითელი ეშმაკები" 27 წლის შემტევის გაყიდვას იანვარშივე შეეცდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი მის შემცვლელს უკვე ეძებს. როგორც ინგლისური პრესა იუწყება, ოლდ ტრაფორდის ბინადრები ინგლისელი ფეხბურთელის შემცვლელად 4 ვინგერს განიხილავენ.
ხვიჩა კვარაცხელია, კაორუ მიტომა, ნიკო უილიამსი და ლეროი ზანე — მანჩესტერ იუნაიტედი ამ ფეხბურთელებს ყურადღებით აკვირდება. კლუბში ფიქრობენ, რომ ამ სიიდან ნებისმიერი ფეხბურთელი მარკუს რაშფორდს იდეალურად ჩაანაცვლებს.
ამ ოთხეულიდან ყველაზე ძვირადღირებული, რა თქმა უნდა ხვიჩა, კვარაცხელიაა. ნაპოლი ქართველ ვინგერს მინიმუმ €100 მილიონად აფასებს. შემდეგი სიაში კაორუ მიტომაა, რომლის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით €60-70 მილიონია, ხოლო რაც შეეხება ნიკო უილიამსს, ესპანელ ფეხბურთელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €58 მილიონი უწერია. სიაში ბოლო ფეხბურთელი ლეროი ზანეა, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ რაღაც 6 დღეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში მარკუს რაშფორდის თაობაზე უფრო მეტ ინფორმაციას შევიტყობთ.