გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიადაზე მონაწილე სპორტსმენებსაც წარადგენენ — ყველა ქვეყანა ირჩევს მედროშეს, რომელიც ნაკრებს დროშით ხელში წინ მიუძღვება. საქართველოს ნაკრები პირველად 1996 წლის ატლანტაში გამოვიდა და სადებიუტო ოლიმპიადაზე მედროშე გიორგი კანდელაკი იყო.
ატლანტა 1996 — გიორგი კანდელაკი
საქართველოსთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე მედროშედ მოკრივე, გიორგი კანდელაკი აირჩიეს, რომელსაც კარიერაში ევროპის ჩემპიონატის ოქრო და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი ჰქონდა მოგებული.
ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე კრივის მძიმე წონაში, საქართველოს ნაკრები მედროშემ ასპარეზობა პოლონელი ბარტნიკის დამარცხებით დაიწყო, თუმცა, შემდეგ მომავალ ჩემპიონთა, კუბელ სავონთან წააგო და მედლის გარეშე დარჩა.
სიდნეი 2000 — გიორგი ასანიძე
2000 წლის სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების მედროშეობა წილად ხვდა ძალოსან გიორგი ასანიძეს, რომელიც 85 წონითი კატეგორიის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო.
გიორგი ასანიძე ახლოს იყო მწვანე კონტინენტზე ოლიმპიური ოქროს მოგებასთან, თუმცა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლაში ხელი სხეული წონამ შეუშალა. სამმა ძალოსანმა ორჭიდში ერთნაირი წონა, 390 კგ დააფიქსირეს და გამარჯვებული ყველაზე მსუბუქი სპორტსმენი გახდა — პიროს დიმასმა ოქრო მოიპოვა, მარკ ჰუშტერს ვერცხლი შეხვდა, ხოლო გიორგი ასანიძე ბრინჯაოს დასჯერდა. 4 წლის შემდეგ, ქართველმა ძალოსანმა ათენში მოახერხა ოლიმპიური ჩემპიონობა.
ათენი 2004 — ზურაბ ზვიადაური
2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებიდან ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური იყო და სწორედ ის აირჩიეს მედროშედ.
ზურაბ ზვიადაურმა გაცემული ავანსები სრულად გაამართლა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა — ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი მეტოქე იპონით დაამარცხა და მის პატივსაცემად საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.
პეკინი 2008 — რამაზ ნოზაძე
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ნოზაძემ ათენში ვერცხლის მედალი მოიპოვა და 4 წლის შემდეგ, პეკინში გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიურ გუნდს წინ გაუძღვა.
რამაზ ნოზაძემ ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო, სადაც ბერძენი ტოუნუსიდისი დაამარცხა, თუმცა, შემდეგ მოულოდნელად ჩეხ შვეჩან წააგოდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ლონდონი 2012 — ნინო სალუქვაძე
2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების მედროშე ოქროს და ვერცხლის მედლის მფლობელი, ლეგენდარული ნინო სალუქვაძე იყო.
ქართველი ტყვიის მსროლელი მე-7 ოლიმპიურ თამაშებზე იღებდა მონაწილეობას და საბოლოოდ ასპარეზობა მე-15 და 33-ე ადგილებზე დაასრულა. ნინო სალუქვაძისთვის 2024 წლის პარიზის ოლიმპიადა კარიერაში მე-10 იქნება და თანარეკორდსმენი გახდება.
რიო დე ჟანეირო 2016 — ავთანდილ ჭრიკიშვილი
9 აგვისტოს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და ავთანდილ ჭრიკიშვილი 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ამერიკელ სტივენსს შეხვდა. ორთაბრძოლის მიწურულს, ამერიკელმა ქართველი ძიუდოისტი დაამარცხა და ოქროს შანსი წაართვა. საბოლოოდ, ავთანდილ ჭრიკიშვილი ბრინჯაოს ფინალშიც დამარცხდა და მოულოდნელად მედლის გარეშე დარჩა.
ტოკიო 2020 — ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე
2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ჩატარდა, გახსნით ცერემონიაზე საქართველოს ნაკრებს ორი მედროშე ჰყავდა — ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ტყვისი მსროლელი ნინო სალუქვაძე.
ლაშა ტალახაძემ ფავორიტის სტატუსი კიდევ ერთხელ გაამართლა და კარიერაში მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ნინო სალუქვაძემ კი მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზა და ყველა დროის რეკორდს მიუახლოვდა.
პარიზი 2024 — ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე
ტოკიოს ოლიმპიადის მსგავსად, პარიზშიც საქართველოს ნაკრების მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან — გახსნის ცერემონია 26 ივლისს, თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ლაშა ტალახაძე ძალოსნობის მძიმე წონაში კვლავ უპირობო ფავორიტია და თუ ოქროს მედალს მოიგებს, პირველი ქართველი 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდება. ნინო სალუქვაძე კი მეათე ზაფხულის ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას და აღნიშნული შედეგით კანადელ იან მილართან ერთად თანარეკორდსმენი იქნება.










