გასულ 24 საათში, მანჩესტერ იუნაიტედმა სამი გარიგება დახურა. ჯერ მატეის დე ლიხტის ამბავი მოგვარდა, რომელიც €50 მილიონის სანაცვლოდ ბაიერნიდან კარიერას ოლდ ტრაფორდზე გააგრძელებს, შემდეგ კი გუნდმა აარონ ვან-ბისაკა გაყიდა ვესტ ჰემში, რასაც ავტომატურად მიუნხენური გუნდიდან კიდევ ერთი ტრანსფერი მოჰყვა — ნუსაირ მაზრაუი "წითელი ეშმაკი" გახდება!
ტენ ჰაგის გეგმებში ვან-ბისაკა არასდროს შედიოდა, შესაბამისად, მისი გაყიდვა კლუბისთვის პრიორიტეტული იყო. ვესტ ჰემი ინგლისელი განაპირა მცველის ტრანსფერზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა და როგორ ჩანს, "ჩაქუჩებმა" საწადელს მაინც მიაღწიეს — ლონდონელებმა ვან-ბისაკას სანაცვლოდ €17.5 მილიონი გადაიხადეს.
ვან-ბისაკას ტრანსფერს კი დომინოს ეფექტი მოჰყვა, მაზრაუი მანჩესტერში ინგლისელის ადგილს დაიკავებს — მხარეებს შორის €20 მილიონიანი გარიგება შედგა, ფეხბურთელისთვის კი 5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია.
როგორც ვესტ ჰემი, ისე მანჩესტერ იუნაიტედიც, აღნიშნულ ტრანსფერს უახლოეს საათებში გააოფიციალურებს.