ლივერპულში ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც არნე სლოტისა და კლუბის გეგმებში აღარ შედიან და ზაფხულში გუნდს 100% დატოვებენ — ამ სიაშია
დარვინ ნუნიესიც, რომელიც ლივერპულის დატოვებასთან იანვარშიც ახლოს იყო. ბოლო მომენტში სიტუაცია რადიკალურად თუ არ შეიცვალა, ურუგვაელი ფორვარდი 2025/26 სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს.
ფეხბურთელის მიმართ ატლეტიკო მადრიდის ინტერესი დადასტურდა! დიახ, ჩოლო სიმეონე ახალ ფორვარდს ეძებს, რადგან საკმაოდ დიდი შანსია ზაფხულში გუნდი ანტუან გრიზმანმა დატოვოს. ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი კარიერის MLS-ში გაგრძელებაზე სერიოზულად ფიქრობს, შესაბამისად, მადრიდულ კლუბში მის პოტენციურ შემცვლელს უკვე ეძებენ. ატლეტიკო დარვინ ნუნიესით გასულ წლებშიც ინტერესდებოდა და როგორც ჩანს, მადრიდელები საქმეში რჩებიან.
საქმეში არიან საუდის კლუბებიც — ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია, რომ პრო ლიგის კლუბები დარვინ ნუნიესის თაობაზე უფრო გააქტიურდებიან. შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, დარვინ ნუნიესის ტრანსფერზე ალ ნასრი მუშაობდა.
დარვინ ნუნიესი ლივერპულის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავს. ურუგვაელმა ფორვარდმა ამ დროში 136 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 40 გოლი და 24 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ენფილდის ბინადრები 25 წლის ფორვარდს დაახლოებით €50-60 მილიონად აფასებენ.