რვა წლის წინ, გერმანიაში გამართულ 19-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა კილიან მბაპე. ფრანგმა იუნიორებმა წარმატებით გადალახეს ჯგუფური ეტაპი, პლეიოფში დაამარცხეს დღევანდელი მეტოქე, პორტუგალია, ფინალში კი იტალია, თანაც დამაჯერებლად, ანგარიშით 4:0.
მადრიდის რეალის თავდამსხმელმა იმ ტურნირზე ხუთი გოლი გაიტანა, მასზე მეტი შეაგდო მხოლოდ ჟან-კევინ აუგუსტინმა, რომელსაც იმ დროს, ასევე, დიდ მომავალს უწინასწარმეტყვლებედნენ. ახალგაზრდა "მამლები" თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ 2016 წლის 24 ივლისს, ორი კვირით ადრე კი ისინი ისხდნენ სასტუმროს ნომერში და უყურებდნენ ევრო 2016-ის ფინალს, რომელშიც მათი ქვეყნის ეროვნულ გუნდს პირენეელები უპირისპირდებოდნენ.
მაყურებლებს შორის ფიგურირებდა "სამფეროვნების" ამჟამინდელი კაპიტანიც, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ორ ცეცხლს შორის იმყოფებოდა. ერთ მხარეს იყო სამშობლო, მეორე მხარეს კი ბავშვობის კუმირი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც ევრო 2016-ის ფინალში ტრავმის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
როგორც გვახსოვს, ჩემპიონები "ევროპელი ბრაზილიელები" გახდნენ. გალიელთა ათიანს გაუხარდა საყვარელი ფეხბურთელის წარმატება, თუმცა ცხადია, თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის წაგებით გულდაწყვეტილი დარჩა. შემდეგი ევროს მონაწილე უკვე თავად მბაპეც იყო და ის თავის კუმირს პირადად დაუპირისპირდა.
დიდიე დეშამის გუნდისა და ლუზიტანების შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა - დუბლი შეასრულა ლეგენდარულმა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, მისი ფრანგი ოპონენტი კი მხოლოდ ასისტით შემოიფარგლა. გავიდა 3 წელი, ისინი კვლავ ერთმანეთის პირისპირ არიან და როგორც ჩანს, ამჯერად უკვე ბოლოჯერ.
ალ-ნასრის კაპიტანმა უკვე აღნიშნა, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი მის კარიერაში უკანასკნელი იქნება. საინტერესოა, როგორ დამშვიდობებას მოუწყობს ლეგენდარულ 7-იანს კილიანი. მათი დაპირისპირება ორმაგად დამაინტრიგებელი ხდება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდა ფორვარდი "სამეფო კლუბში" თავისი კუმირის მსგავსი გზის გასავლელად ემზადება.
2009 წლის ზაფხული - სანტიაგო ბერნაბეუ, 80 ათასამდე მაყურებელი და უზარმაზარი სცენა, რომელზეც რონალდუ რეალის მაისურში პირველად გამოჩნდა. პორტუგალიელმა ფორვარდმა თავის სადებიუტო სეზონი 9 ნიმრიანი მაისურით ჩაატარა, იგივე ნომრით ითამაშებს მადრიდელთა ახალწვეული შემტევიც.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კრიშტიანუ ერთხელ უკვე დაუპირისპირდა ფეხბურთელს, რომლის ბავშვობის კუმირიც იყო. საუბარია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რომელმაც რობერტო მარტინესის გუნდის წინააღმდეგ გოლი გაიტანა, მოიპოვა მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო და 1/8 ფინალშიც გავიდა.
ბოლოს კი ერთი სტატისტიკური ფაქტი დღევანდელი შეხვედრის მთავარი გმირების შესახებ. ალ-ნასრის კაპიტანი არის ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი, მაგრამ წლევანდელ ტურნირზე მის ანგარიშზე 0 ბურთია. საფრანგეთის ეროვნული გუნდის 10-იანის ანგარიშზე კი ევროების ისტორიაში მხოლოდ 1 ბურთია. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ვარსკვლავური შემტევები ნავსის გატეხვას.