ცნობილი გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca დინამო თბილისის ახალგაზრდა ფეხბურთელის, თორნიკე კვარაცხელიას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და მის ინტერვიუს გვთავაზობს:
თორნიკე კვარაცხელიას საფეხბურთო კარიერაში გარდამტეხი მომენტი 28 ოქტომბერს დადგა, როდესაც მისმა გუნდმა, დინამო თბილისმა, უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩში კოპენჰაგენი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსმა ძმამ ქართული გუნდის გამარჯვებაში ორი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით შეიტანა წვლილი. შვიდი დღის შემდეგ, დანიაში განცდილი მარცხის მიუხედავად, ქართველებმა პენალტების სერიაში გაიმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლეს, სადაც ახლა ფიორენტინას დაუპირისპირდებიან.
თორნიკე, რომელიც სულ რაღაც 16 წლისაა, დინამო თბილისის პირველ გუნდსა და 19-წლამდელთა შემადგენლობაში თამაშობს. მას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშები და ამ გუნდის მაისურით უკვე სამი მატჩი აქვს გამართული.
„თავს კარგად ვგრძნობ და მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობისა და ნდობისთვის, რომელსაც მწვრთნელები მიცხადებენ. კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში დიდი გამოცდილება მივიღე“,- ამბობს კვარაცხელია
„რა თქმა უნდა, გოლების გატანა წარმოუდგენელი ემოცია იყო. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დავეხმარე“, - განუცხადა მან MARCA-ს და გაიხსენა, თუ რამდენად ჰგავდა მისი გოლები იმ გოლებს, რომლებსაც უფროსი ძმა, ხვიჩა, პარიზში ხშირად იტანს.
Tornike Kvaratskhelia, brother of Khvicha, scoring and celebrating just like his older brother 😎 #UYL https://t.co/BCL9W0ctoA
— UEFA Men's Youth (@UEFAMensYouth) October 29, 2026
„ჩემმა ძმამ მასწავლა, არასდროს დავნებდე - ის ჩემთვის სამაგალითოა"
თორნიკეს მიზანი, რა თქმა უნდა, უფროს ძმასთან, ხვიჩასთან ერთად თამაშია. თუმცა არა პსჟ-ში, არამედ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
„21-წლამდელთა ნაკრებში დებიუტი განსაკუთრებული ემოცია იყო. ჩემი ქვეყნის სახელით თამაში ყოველთვის საამაყო იქნება ჩემთვის, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ჩემს ძმასთან ერთად ასპარეზობა სულ სხვა გრძნობა იქნებოდა. ეს ოცნების ახდენაა!“ — განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ როგორ ფეხბურთელად დაახასიათებდა საკუთარ თავს, თორნიკე პასუხობს:
„საკუთარ თავს შრომისმოყვარე და მიზანდასახულ ფეხბურთელად დავახასიათებდი. მომწონს ჩემი სისწრაფის, დრიბლინგისა და შეტევითი უნარების მაქსიმალურად გამოყენება“.
სიმართლე რომ ითქვას, გარეგნულადაც ის ხვიჩა კვარაცხელიას უმცროს ვერსიას ჰგავს.
ამ ეტაპზე თორნიკე მიღებულ ქებას მშვიდად ხვდება, თუმცა მისი გარემოცვა და კლუბი ცდილობენ, მის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით მოეკიდონ. თავადაც კარგად აცნობიერებს არსებულ მოლოდინებს.
„რა თქმა უნდა, ჩემ მიმართ დიდი მოლოდინებია, რადგან ხვიჩას ძმა ვარ, თუმცა, მიუხედავად საზოგადოების მხრიდან არსებული ზეწოლისა, მოედანზე ყოველთვის ვცდილობ, ჩემი თამაში ვითამაშო“.
თორნიკესთვის მთავარი მისაბაძი მაგალითი, ბუნებრივია, უფროსი ძმაა. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა ცხრა წელია და თორნიკეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხვიჩას წარმატების გზა როგორც ოჯახის წევრს, ისე გულშემატკივარს თავად ენახა.
„როდესაც პატარა ვიყავი, ფეხბურთელებიდან ყველაზე ხშირად ჩემს ძმას ვუყურებდი. ვფიქრობ, მისი თამაშის სტილის ბევრი ელემენტი ჩემს თამაშშიც გადმოვიტანე. თანაგუნდელები ყოველთვის მეუბნებიან, რომ ძალიან ვგავარ მას“, - ამბობს თორნიკე.

ამასობაში, ხვიჩას წარმომადგენლები პარიზიდან თბილისში ჩამოდიან, რათა თორნიკეს საკუთარი კარიერის ეტაპობრივად და სწორად დაგეგმვაში დაეხმარონ.
„ჩემმა ძმამ ერთი მთავარი რამ მასწავლა, რომ ჩემი ოცნებებისთვის ბევრი ვიშრომო და არასდროს დავნებდე. ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია", - დაასრულა უმცროსმა კვარაცხელიამ.












