დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრა საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებებს შორის.
სამწუხაროდ, ეს ერთა ლიგის ციკლი ჩვენმა ნაკრებმა ცუდად დაიწყო, ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ ორი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.
მიუხედავად ამისა, მეორე ადგილზე გასვლის თეორიულ შანსს მაინც ვინარჩუნებთ, ამისთვის კი აუცილებელია ორივე დარჩენილი შეხვედრა მოვიგოთ.
საქმეს კიდევ უფრო ის ართულებს, რომ ამ მატჩებში საქართველოს ნაკრებს კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი - ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი დააკლდება. გამოძახებული ფეხბურთელებიდან ვირუსის გამო სანდრო ალთუნაშვილი ვერ ითამაშებს.
რამაზ სვანაძემ განაცხადს მიღმა ორი ფეხბურთელი დატოვა - გიორგი გაგუა და ივა გელაშვილი, დანარჩენი ყველა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია.
რაც შეეხება უნგრეთის ნაკრებს, მათ საკუთარ მოედანზე საქართველო უკვე დაამარცხეს და 7 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ.
რამაზ სვანაძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ნებისმიერი გამარჯვება აადვილებს იმ გზას, რაც ჩვენ უნდა გავიაროთ. ფსიქოლოგიური ფაქტორი აუცილებელია და ამ ფსიქოლოგიურ ფაქტორს გამარჯვებები აყალიბებს. ხვალინდელ მატჩში მოგება აუცილებელია. ვირუსის გამო, რამდენიმე ფეხბურთელმა ვარჯიში გამოტოვა, თუმცა ალთუნაშვილის გარდა, ხვალინდელი მატჩისთვის უკვე ყველა მზადყოფნაშია. მენტალურ მხარეს რაც შეეხება, ამაზე ჩვენც ბევრი საუბრები გვქონდა და ბიჭებმაც ბევრი ისაუბრეს. ფეხბურთში ხშირადაა ისეთი მომენტები, როცა არის წარუმატებელი პერიოდი, ეს არავის მოსწონს. ჩვენ ძალიან რთულ გზას გავდივართ და იმედია, ამ ყველაფერს დავალაგებთ და ეს ხვალიდან დაიწყება. ვფიქრობ, 90 წუთის განმავლობაში მაღალ პრესინგზე თამაში ნებისმიერი გუნდისთვის რთულია. უნგრეთთან პირველ მატჩში ბედი პატარა დეტალებმა გადაწყვიტა."
მარკო როსი (უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი): "ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები ხვალინდელ მატჩში განსხვავებული ტაქტიკით ითამაშებს და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ და წინა მატჩში გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა. როგორც უკვე ვთქვი, საქართველო სხვანაირ თამაშს შემოგვთავაზებს, რადგან როცა მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიაა, ტაქტიკა განსხვავებულია. მინდა კვარას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, რადგან მას მთელი ოჯახი ვგულშემატკივრობთ"
საქართველო - უნგრეთი
ერთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, V ტური
14 ნოემებრი, 21:00
მიხეილ მესხი, თბილისი
მთავარი მსაჯი: ო.ბერკა (ჩეხეთი)
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, ეგოიანი, ჩაკვეტაძე, კვერნაძე, მიქაუტაძე











