ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩავარდნილი სეზონების შემდეგ, ფორმაში შედის და რომის მასტერსზე წარმატებით იასპარეზა.
ბასილაშვილმა1/8 ფინალურ ეტაპამდე მიაღწია, სადაც მსოფლიოს მე-14 ჩოგანს ანდრეი რუბლევს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, ახლოს იყო მოგებასთანაც, თუმცა პირველი მოგებული სეტის შემდეგ, მეორე და მესამე სეტი დათმო.
კარიერის განმავლობაში, ბასილაშვილს არაერთი დიდი მატჩია მოუგია და ბევრი სენსაცია დაუფიქსირებია. გთავაზობთ 10 გამორჩეულ მატჩს ბასილაშვილის კარიერაში.
2021 წელი Doha Open
დოჰას პირველობა, სადაც ბასილაშვილი 1/4 ფინალურ ეტაპზე ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო, თუ საუკეთესო არა, ჩოგბურთელს, როჯერ ფედერერს ამარცხებს. პირველი წაგებული სეტის შემდეგ, ბასილაშვილმა მეორე სეტში როჯერი 6:1 დაამარცხა, გადამწყვეტ სეტში კი 7:5. მატჩის შემდეგ, ფედერერმა ბასილაშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ მსგავსი სიძლიერის დარტყმის მქონე მოთამაშეს ის არასდროს შეხვედრია.
2018 წელი China Open
ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ბასილაშვილის კარიერაში - არგენტინელი ჩოგბურთელის, ხუან მარტინ დელ პოტროს წინააღმდეგ უმაღლესი დონის ჩოგბურთი აჩვენა, უძლიერესი მეტოქე 6:4 6:4 დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.
2018 წელი Hamburg Open
ამ წელს ბასილაშვილი კიდევ ერთ პრესტიჟულ ტურნირს იგებს. ბრწყინვალედ ჩატარებული ტურნირი მაიერთან გამარჯვებით სრულდება. ბასილაშვილმა არგენტინელი მეტოქე სამ სეტში, 6:4 0:6 7:5 დაამარცხა და ჰამბურგის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა, რითიც საუკეთესო 20-ეულში მოხვდა.
2019 წელი Hamburg Open
ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობა ზედიზედ ორჯერ მოიგო. მან ტიტულის დაცვა შეძლო და ფინალში საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი მეტოქე ანდრეი რუბლევი, რომელთანაც ახლახანს რომში დამარცხდა, სამ სეტში დაამარცხა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და დაძაბული მატჩი ბასილაშვილის კარიერაში.
2019 წელი Hamburg Open
ამავე ტურნირის ნახევარფინალში ბასილშვილი გერმანელ ალექსანდრ ზვერევს ამარცხებს, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ჩოგბურთელია. ზვერევი ძლიერი დარტყმებითა და კარგი მიღებით გამოირჩევა, თუმცა ქართველის "ფორჰენდებს" ვერ გაუძლო და დამარცდა.
2021 წელი Indian Wells Open
დიდი სლემის ტურნირების შემდეგ, ინდიან უელსის მასტერსი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურნირია ჩოგბურთში. ბასილაშვილი კი ამ ტურნირის მოგებასთან ერთ ნაბიჯში იყო. ნახევარფინალში მან ტეილორ ფრიტსი მარტივად, 7:6 6:3 დაამარცხა, თუმცა ფინალში ძალები არ ეყო და კამერონ ნორისთან დამარცხდა.
2021 წელი Indian Wells Open
ნახევარფინალში გასვლამდე ბასილაშვილმა ბერძენი ჩოგბურთელი, ტოპ 10-ის მოთამაშე სტეფანოს ციციპასი დაამარცხა, იმ დროს ციციპასი ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე იყო საჩოგბურთო სამყაროში.
2021 წელი Munich Open
კიდევ ერთი, მე-5 ტიტული ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერაში. დამაჯერებლად მოგებული მატჩები და დაძაბული ფინალი გერმანელი შტრუფის წინააღმდეგ. პირველ სეტში ბასილაშვილმა ბრეიკი გააკეთა და 6:4 მოიგო, მეორე სტში კი ტაი-ბრეიკზე 7:6 იმარჯვა.
2021 წელი Doha Open
როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, ბასილაშვილს თავდაჯერებულობა მიეცა და ფინალამდე მიაღწია, სადაც ესპანელ ბაუტისტა-აგუტს შეხვდა და პირველი დაძაბული სეტის შემდეგ, სადაც ნიკოლოზმა ტაი-ბრეიკში მოიგო, მეორე სეტში მარტივად, 6:2 გაიმარჯვა და დოჰას პირველობის გამარჯვებული გახდა.
2026 წელი Italian Open
რამდენიმე დღის წინ, ბასილაშვილმა მორიგი სენსაცია შემოგვთავაზა და რომის ღია პირველობის 1/32 ფინალში მსოფლიოს მე-6 ჩოგანი ბენ შელტონი სამ სეტში დაამარცხა, 1/16 ფინალში ნაკაშიმასაც მოუგო და ახლოს იყო რუბლების დამარცხებასთან, მაგრამ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.














