შეთანხმება შედგა! ვიქტორ ოსიმენი 1-წლიანი იჯარით გალათასარაიში ითამაშებს. მხარეებმა ბოლო დეტალები რამდენიმე წუთის წინ მოაგვარეს, 25 წლის ნიგერიელ ფორვარდს თურქეთში უახლოეს საათებში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. გალათასარაი ოსიმენს ხელფასის სახით წელიწადში €10 მილიონს გადაუხდის.
მთელი ზაფხულის განმავლობაში, ნიგერიელი ფორვარდის ტრანსფერზე ჯერ პსჟ მუშაობდა, შემდეგ ჩელსი, ბოლოს კი ალ-აჰლი, თუმცა არც ერთ კლუბში ტრანსფერი არ შემდგარა. იმის მიუხედავად, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, ნაპოლი და ალ-აჰლი ტრანსფერზე შეთანხმდნენ, ოსიმენმა ამ გარიგებას მწვანე შუქი არ აუნთო და ტრანსფერიც არ შედგა. მოსალოდნელი იყო ჩელსის გააქტიურებაც, თუმცა არც ლონდონელებმა მოინდომეს ფეხბურთელის დამატება, შესაბამისად, ოსიმენი ნაპოლიში რჩებოდა.
სულ რამდენიმე საათის წინ კი საქმეში გალათასარაი ჩაერთო. როგორც ირკვევა, მხარეებმა ყველაფერი შეათანხმეს და დარჩენილია მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა. თურქული გრანდის უფროსობა იტალიაში იმყოფება, სადაც ფეხბურთელის აგენტთან ბოლო დეტალებს აგვარებს.
შეგახსენებთ, თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 13 სექტემბერს იხურება.