ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში პარის სენ-ჟერმენმა მანჩესტერ სიტი 4:2 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 56-ე წუთამდე პსჟ 0:2-ს აგებდა. მასპინძელთა ახალწვეული ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელია მატჩის მიმდინარეობას თვალს ადევნებდა ტრიბუნებიდან, რადგან როგორც ვიცით, პლეიოფში გასვლამდე გუნდებს ახალი მოთამაშეების განაცხადში შეყვანის უფლება არ აქვთ.
ქართველი შემტევის არყოფნაში "ქალაქელების" წინააღმდეგ გაიბრწყინა ბრედლი ბარკოლამ, რომელმაც ყველაზე მაღალი შეფასებაც მიიღო. ახალგაზრდა ფრანგმა ვინგერმა საკუთარ ანგარიშზე მიითვალა 1 ბურთი და 1 ასისტი, ამის გარდა, ის მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა.
წარმოგიდგენთ პარიზელი ფანების გამოხმაურებებს:
"ბარკოლა კვარაცხელიაზე ძლიერია. პარის სენ-ჟერმენის ახალწვეულ შემტევს შეუძლია სათადარიგოთა სკამზე იჯდეს. არ მესმის, რატომ გაიფორმეს ის".
"რაში სჭირდება პარის სენ-ჟერმენს კვარაცხელია, როდესაც გუნდში ბარკოლა არის...ანგარება? არ მესმის".
"პარის სენ-ჟერმენში ბრწყინავს ბარკოლა, თუმცა გუნდმა კვარაცხელია გაიფორმა. არ ჯობდა, რომ თავდამსხმელის ტრანსფერზე გემუშავათ?".
"ბარკოლას შეუძლია გახდეს დიდი ვარსკვლავი, არა მხოლოდ პარის სენ-ჟერმენში, არამედ საფრანგეთის ნაკრებშიც. კვარაცხელიას ტრანსფერი უადგილო იყო".
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ქართველი და ფრანგი შემტევების სტატისტიკური შედარება. წინ, სეზონის მეორე ნახევარია და ვნახოთ, რა შედეგებს შემოგვთავაზებენ პსჟ-ს ვინგერები.