დასრულდა RKENA-სა და PFL-ის ერთობლივი ივენთი, რომელიც ქართველი მებრძოლების დომინირებით წარიმართა. საღამო გაიხსნა პრელიმ ქარდის 9 ჩხუბით, რომელშიც იყო 7 ქართველი მებრძოლი და ჩვენი სპორტსმენების მოგებით 5 დუელი დასრულდა. გამარჯვება მოიპოვეს მათე სანიკიძემ, ზუკა ივანიაძემ, გიორგი ფოლადიშვილმა, სანდრო თევზაძემ და ელენე ლოლაძემ.
მეინ ქარდის ბრძოლები ასევე ქართველების უპირატესობით წარიმართა. გამარჯვება მოიპოვეს რუსლან ბოლქვაძემ და ლევან კირტაძემ. ასევე გამოსარჩევია დავიდ მგოიანისა და ბახტიარ ნესიპბეკის მოგებები, რომლებიც ღონისძიებაზე სწორედ RKENA-ს მხრიდან იყვნენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ბოლქვაძემ ჩაანაცვლა დავით ლორთქიფანიძე, ნესიპბეკმა კი ბეკზატ ალმახანი.
ორივე მებრძოლმა ივენთი ტრავმის გამო გამოტოვა. ბოლოს კი საღამოს მშვენება - ნიკოლოზ აბრამიშვილის გამარჯვება მთავარ ბრძოლაში აარონ მაკენზისთან, თანაც ილია თოფურიას თვალწინ. UFC-ის ვარსკვლავი დარბაზში მთავარი ჩხუბის დაწყების წინ შემოვიდა და ღონისძიებას ბოლომდე ესწრებოდა.














