შეთანხმება შედგა, მანუჩარ მარკოიშვილი სტამბოლის გალათასარაის ჩაიბარებს! ინფორმაციას ყველა გავლენიანი გამოცემა ადასტურებს. მეტიც, როგორც ცნობილი ხდება, თურქულმა კლუბმა ქართველი სპეციალისტი უკვე დაარეგისტრირა ქვეყნის საკალათბურთო ფედერაციაში, მისი ოფიციალური წარდგენა კი უახლოეს პერიოდში იგეგმება.
გალათასარაიმ დღეს ჯანმარკო პოცეკოსთან თანამშრომლობის დასრულების შესახებ გამოაცხადა. იტალიელ სპეციალისტს სწორედ მარკოიშვილი შეცვლის, მისი ასისტენტი კი უკრაინელი სერგეი გლადირი იქნება, რომელთან ერთადაც ქართველმა მწვრთნელმა მონაკოში იმუშავა. მარკოიშვილმა საფრანგეთის კლუბი მიმდინარე წლის მარტში ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც გუნდი ვასილის სპანულისმა დატოვა. გასულ სეზონში მონაკომ საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, ლიგის თასი და სუპერთასი მოიგო, თუმცა ფინანსური დარღვევების გამო მოგვიანებით მესამე დივიზიონში დააქვეითეს.











