რამდენად რეალურია ხვიჩა კვარაცხელიასთვის ოქროს ბურთის მოგება მსოფლიო ჩემპიონატის წელს? დიახ, ახალგაზრდა შემტევს ჰქონდა საოცარი საკლუბო სეზონი პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში, რომელშიც ქართველმა ვინგერმა მოიგო პრაქტიკულად ყველაფერი, მათ შორის ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი.
ამის გარდა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახდა ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ისე რომ პსჟ-ს წარმატებაში მისი როლი უბრალოდ ფუნდამენტური იყო. ამის მიუხედავად, სპორტულ მედიაში ტრიალებს მოსაზრება, რომ ბალონ დ'ორს მაინც მუნდიალის მონაწილე მოთამაშე მოიგებს.
სავარაუდო ვარიანტებს შორის სახელდება ლიონელ მესი, ჰარი კეინი, კილიან მბაპე და სხვები. ისმის კითხვა - ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა მსოფლიო ჩემპიონატის წელს ბალონ დ'ორი მოუგია ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც მუნდიალზე საერთოდ არ უთამაშია? ერთადერთი ასეთი მოთამაშე იყო კევინ კიგანი, 1978-ში.
არგენტინაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებმა ვერ მოახერხა გასვლა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ოქროს ბურთი მაინც ჰამბურგის ფლეიმეიქერმა მოიგო. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ლეგენდარულ გამთამაშებელს იმ სეზონში საკლუბო ტიტულები საერთოდ არ მოუგია.
ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა ლივერპული, ბუნდესლიგის კი კიოლნი. იმის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა 10-ჯერ (1982-2022) და ბალონ დ'ორს აუცილებლად იგებდა ის ფეხბურთელი, რომელიც მუნდიალზე თამაშობდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ბრიტანელმა მე-7 ნომერმა წლის საუკეთესოს ჯილდო მოიგო მაშინ, როცა ნომინანტთა შორის ჯერ კიდევ მხოლოდ ევროპელები იყვნენ.
ოქროს ბურთის ალტერნატიული დაჯილდოების მიხედვით, კანდიდატებს შორის რომ ყოფილიყვნენ სხვა კონფედერაციების ფეხბურთელებიც, 1978 წელს ბალონ დ'ორს მარიო კემპესი მოიგებდა. ვნახოთ, გატყდება თუ არა ნავსი წელს, როცა ნომინანტთა შორის "ჯვაროსნების" მე-7 ნომერიც იქნება.












