პატარა შესავალი — რა ხდება ქართულ MMA-ში
ქართული MMA განვითარებას ახლა იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ორგანიზაციაში - UFC-ში ორი ჩემპიონი გვყავს, ქართული MMA სრული პოტენციალის გამოვლენასთან ახლოსაც არ არის. რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენს ჩემპიონებს უკეთესი მომავლის საპოვნელად და სპორტში წარმატების მისაღწევად ქვეყნის დატოვება მოუწიათ. UFC-ის არცერთი ქართველი მებრძოლი საქართველოში არ ვარჯიშობს. მიუხედავად ამისა, მათი თითოეული ნაბიჯი საქართველოში MMA-ით დაინტერესებულ ყველა ადამიანის მოტივაციის წყაროა. მათმა წარმატებამ ამ სპორტით მეტი ბავშვი დააინტერესა, მეტი დარბაზი შეიქმნა, მეტი შეჯიბრი ტარდება, გაჩნდა მეტი სპონსორი. საბოლოო ჯამში გაჩნდა მუხტი და გადაიდგა პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქართული MMA განვითარდეს.
რატომ უწევდათ წარმატების მისაღწევად ქართველ მებრძოლებს საქართველოდან წასვლა?! შეიცვალა რამე?!
რამდენიმე მიზეზია იმისა, თუ რატომ უწევდათ მებრძოლებს საქართველოდან წასვლა. პირველი ქართველი UFC-ის მებრძოლი, ლევან მაყაშვილი, ამერიკაში დაუმარცხებლად ჩავიდა და ფეხი იქ მოიკიდა. დაახლოებით იმ პერიოდში წავიდა მერაბ დვალიშვილიც. ილია თოფურია, როგორც სპორტსმენად ესპანეთში ჩამოყალიბდა, სადაც კრივსა და ჯიუ-ჯიცუს დაეუფლა - MMA-ის სრულყოფილ მებრძოლად იქცა. გურამ ქუთათელაძე შვედეთში, All-Star-ში ვარჯიშობს და მხოლოდ იქიდან მოახერხა, დიდ ევროპულ ორგანიზაციებში, საბოლოოდ კი UFC-ში მოხვედრა. ლევან ჩოხელმა ვარჯიში საქართველოში დაიწყო, მაგრამ შესაძლებლობები ამერიკაში მიიღო. ამერიკულმა პერიოდმა ის Bellator-ის ვარსკვლავად ჩამოაყალიბა. ზურიკო ჯოჯუა - KSW-ს ქამრის პრეტენდენტი, დღემდე პოლონეთში ვარჯიშობს. გიგა ჭიკაძის - UFC-ში პირველ ქართველი ვარსკვლავის, კომბატსპორტული კარიერა საქართველოს ფარგლებს გარეთ განვითარდა. რომან დოლიძე MMA-ით უკრაინაში დაინტერესდა, პროფესიონალიც იქ გახდა, პიკს კი ამერიკაში მიაღწია. ამ ეტაპზე რომანი ხშირად ცდილობს საქართველოში ყოფნასა და ვარჯიშს, მაგრამ ბრძოლის წინ სათანადოდ მოსამზადებლად აუცილებლად შტატებში ბრუნდება.

უკანასკნელ პერიოდში მერაბმა, ილიამ და სხვა ქართველებმა MMA-ის სამყაროს ჩვენი თავი გააცნო. მხოლოდ მას შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დიდ ასპარეზზე გასვლა საქართველოდანაც ვცადოთ, მაგრამ სერიოზული პრობლემები ისევ სახეზეა. მებრძოლები მიდიოდნენ იმიტომ, რომ საქართველოში კონკურენტული ბრძოლების ჩანიშვნა და ორგანიზება თითქმის შეუძლებელია. საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შანსს მხოლოდ რუსული ორგანიზაციები - M-1 Global და Fight Night Global იძლეოდნენ, ახლა ეს ორგანიზაციები ასევე რუსულმა ACA-მ ჩაანაცვლა. რუსული სივრციდან UFC-მდე ან სხვა მაღალი რანგის გამართულ პრომოუშენამდე გზა ძალიან რთული, ხშირად უსამართლო და უიმედოა.
საქართველოში არ არის საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური კადრი. ეს ცალკე პრობლემაა, რადგან ისეთ არსებით საკითხებზე, როგორებიცაა წონის სწორი კლება, კვების რაციონი, დილისა თუ საღამოს ვარჯიშების ეფექტური პროგრამები - საკმარისი ცოდნა არ არსებობს.
მე თვითონ მაქვს უფასოდ ბრძოლა ჩატარებული. მაშინ ხელი მოვიტეხე. რეაბილიტაციის ხარჯების დასაფარად თანხის მოძიება დამოუკიდებლად მომიწია. ეს ყველაფერი ჯამში კი ითარგმნება, როგორც დაუფასებლობა. უიმედო გარემოს მებრძოლი ხშირად ნებდება, აქტიურ სპორტს თავს ანებებს. საუკეთესო შემთხვევაში ათლეტები კარიერის განსავითარებლად საქართველოს ტოვებენ და მსგავსი პრობლემებისგან დაცლილ, სტაბილურ და ინკლუზიურ ევროპულ ქვეყანაში ან ამერიკაში მიდიან, თუმცა ასე მხოლოდ ერთეულებს უმართლებს.
რა იცვლება და რატომ გადაიდგა პირველი წარმატებული ნაბიჯები MMA-ში?
ელიტარულმა ქართველმა მებრძოლებმა ამერიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან დიდი მოტივაცია და მუხტი მოგვცეს, თუმცა არის სხვა, ხელშესახები მიზეზები, რომლებზე საუბარიც დღევანდელ კონტექსტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ, ქართველი მებრძოლებისთვის უამრავი შესაძლებლობის კარი გაიხსნა. მართალია, ვიზალიბერალიზაციის მიუხედავად, UFC-ში ქართველების წარმატებამდე ევროპაში ბრძოლას მხოლოდ რამდენიმე მებრძოლი ახერხებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც MMA-ის სამყარომ საქართველო სპორტის რუკაზე აღმოაჩინა, ევროპული ორგანიზაციების ქართული ბაზრისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.

ესპანეთის, შვედეთის, ფინეთის, ჩეხეთის, გერმანიისა და პოლონეთის ისეთ ორგანიზაციები როგორებიცაა: BRAVE CF, FCR, Cage Warriors, OKTAGON, KSW, FEN და არაერთი სხვა, ღირსეული პრომოუშენებია, მუშაობენ ისე, როგორც ეს ხარისხისთვის არის აუცილებელი - პროფესიონალურად. იქ მებრძოლი თავს დაფასებულად გრძნობს, მისი ინტერესები გათვალისწინებულია. ეს ორგანიზაციები ევროპულ სივრცეში ოპერირებენ, იქაურ სამუშაო ეთიკაზე არიან მორგებულნი, შესაბამისად სამართლიანობა, პატივისცემა და სპორტული პრინციპების ერთგულება მათთვის ჩვეული რამაა. საქართველოსთან შედარებით სხვაობაა ნათელია, რუსეთთან დრამატული.
რა მოხდება თუ საქართველო - ქართული MMA ევროპულ სივრცეს მოწყდება?
ევროპისგან კარმოხურული ქართული MMA სპორტის გლობალური ქსელისგან გაითიშება. უცხოური ორგანიზაცია, რომელიც ქართველი მებრძოლებისთვის გარკვეული ტიპის ფინანსურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს მხოლოდ რუსული ACA იქნება - რამზან კადიროვის ორგანიზაცია. რუსეთში ბრძოლას, იქ მათი მებრძოლის დამარცხებასა და ქართული დროშის სიამაყით აფრიალებას ცალკე გამბედაობა სჭირდება და კმაყოფილების წყაროც შეიძლება გახდეს, თუმცა სპორტული და საზოგადოებრივი თვალსაზრისით ეს ტრაგედიაა - ქართული MMA-ის პოტენციალი სხვაგვარ განვითარებას იმსახურებს.








![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






