რა მოუვიდა კოლბის? როგორ მოხდა, რომ დანა უაითის ფავორიტი მებრძოლი, დონალდ ტრამპის მეგობარი და UFC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი „აბუჩად ასაგდებ“ პერსონად იქცა?
რატომ იყო კოლბი დანა უაითის და UFC-ის ფავორიტი მებრძოლი?
Dana White Privilege - თუ სწორად მახსოვს, ეს ფრაზა პირველად ტონი ფერგიუსონმა გააჟღერა - მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ. დანა უაითის პრივილეგიებით ორგანიზაციის ფავორიტი მებრძოლები სარგებლობენ და ხელშეწყობას დაუმსახურებლად იღებენ. კოლბი დანა უაითის ფავორიტი მართლაც იყო, მაგრამ ამისთვის კოვინგტონს დიდი გზის გავლა მოუწია.

თავმდაბალი კოლბი - ადრეული კარიერა
როდის გარდაიქმნა კოვინგტონი ქაოსად?
მიუხედავად იმისა, რომ 8 ბრძოლაში მხოლოდ 1 მარცხი ჰქონდა და 4-მოგებიან სერიაზე იყო, UFC-მა განაცხადა, რომ კოლბის ბრძოლები არავის აინტერესებდა. მისი სტილი მოსაწყენი იყო და მის შესახებ არავინ ლაპარაკობდა. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ამ ბრძოლას მოიგებდა მას ორგანიზაციიდან გაათავისუფლებდნენ. ეს ძალიან მძიმე მომენტი იყო კოლბისთვის, მაგრამ ეს ფაქტი ფაქტად არ მიუღია. მან შესაძლებლობა დაინახა და მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა. ჯერ მაია დაამარცხა სან პაულუში და როდესაც მიკროფონთან მივიდა ყველა გააოცა. ბრაზილიელები მას ისედაც უსტვენდნენ და კოლბიმ სიტუაციის განსამუხტად არაფერი გააკეთა - პირიქით. მან თითეულ ბრაზილიელს აგინა, ბინძური ცხოველები უწოდა და უთხრა, რომ ჩხუბში სუსტები არიან. ტაირონ ვუდლიც გამოიწვია სატიტულო ორთაბრძოლაში. ამ განცხადების შემდეგ კოლბი არენიდან ძლივს გავიდა, რადგან აუდიტორია განრისხებული იყო. მასზე ყველა ალაპარაკდა. მხოლოდ Google-ის სისტემაში მისი სახელი 100-ჯერ უფრო ხშირად იძებნებოდა - UFC-მა ის ორგანიზაციაში დაიტოვა.

ამ მომენტიდან შეიქმნა ახალი მებრძოლი. კოლბი „ქაოს“ კოვინგტონი, რომელიც თითოეულ ბრძოლას ყიდდა მისივე მარკეტინგული ხერხებით. მან პერსონაჟი შექმნა - იაფფასიანი კოსტუმებითა და კეპით, სადაც ეწერა „Make America Great Again”. მისი პერსონის განუყრელი ნაწილი გახდა სუპერმოდელებიც. კოლბი ყველა ვიდეოს გამომწვევი გარეგნობის მქონე გოგოების გარემოცვაში წერდა და სხვებს შეურაცხყოფას აყენებდა. არაერთხელ რასისტული განცხადებებიც გაუკეთებია, მაგრამ ამით მან თავისი აუდიტორია და ფანები იშოვა. გულშემატკივრებთან ერთად ბევრი მოძულე ადამიანიც შეიძინა, მაგრამ ფანები და ჰეითერები UFC-სთვის ერთნაირი მაყურებელია, ასე რომ, კოლბისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. ამას დაემატა კარგი ურთიერთობა დონალდ ტრამპთან. მას პრეზიდენტისგან სატელეფონო ზარი არაერთხელ მიუღია. კოლბის დაპირისპირება მის ყოფილ მეგობარ ხორხე მასვიდალთან კიდევ უფრო დიდი ჰაიპის მატარებელი იყო. ორი მეგობარი, გუნდელი და ოთახის მეზობლები, ოქტაგონზე ერთმანეთის პირისპირ ბოლო ძალებით იბრძოდნენ, რაც როგორც ამაღელვებელი, ასევე ძალიან სევდიანი იყო, მაგრამ UFC-სთვის ეს კვლავ მარტივად ითარგმნებოდა - ბევრი მაყურებელი და დიდი შემოსავალი.

დასასრულის დასაწყისი - ქაოსიდან გამაყრუებელ სიჩუმემდე
ჩემი აზრით, კოლბიმ იმაზე კარგად იბრძოლა, ვიდრე ველოდი. ხოაკინ ბაკლი Welterweight-ში ნამდვილი მონსტრია და ჯერ წაგება არ აქვს. წელს უკვე მეოთხე ბრძოლა მოიგო და არაერთი დიდი სახელი დაამარცხა. უკვე TOP 5-საც მიუკაკუნა და თუ ასე გააგრძელებს სატიტულო შანსიც არ ასცდება. აღსანიშნავია, რომ UFC Tampa-სთვის მოსამზადებლად კოლბის სრულფასოვანი კემპი არ გაუვლია. ამ ივენთზე ბაკლი იან გარის უნდა შეხვედროდა, თუმცა ირლანდიელმა შავკატ რახმონოვისა და ბელალ მუჰამადის ბრძოლა დააზღვია, კოვინგტონმა კი წლის უკანასკნელი ქარდი გადაარჩინა. ჩემი აზრით, პიკში მყოფი კოლბი ამ ბაკლის გადაუვლიდა. ამას თამამად ვამბობ, რადგან კონტროლის და გდებების მხრივ კოვინგტონს ბაკლისთან კარგი ეპიზოდები ჰქონდა. თან მეჩვენებოდა, რომ რაც დრო გადიოდა კოლბის შანსები მით უფრო იზრდებოდა, თუმცა ბრძოლა გააჩერა ექიმმა. ბოლო 6 ბრძოლაში კოლბის უკვე 4 მარცხი დაუგროვდა. მისი დაღმასვლა კამარუ უსმანთან პირველ ბრძოლაის მეხუთე რაუნდში ნოკაუტით წაგებით დაიწყო, სადაც საკმაოდ ახლო ბრძოლა მიდიოდა. შემდგომ, კოლბიმ ყოფილი ჩემპიონი ტაირონ ვუდლი უშანსოდ დაამარცხა, თუმცა იმ დროისთვის ტაირონის დრო უკვე წასული იყო.

ამის შემდგომ „ქაოსმა” უსმანთან რემატჩის შანსი მიიღო, მაგრამ „ნიგერიელმა კოშმარმა” კვლავ ახლო ბრძოლაში გაიმარჯვა. პარალელურად კოლბისა და ხორხეს შორის ურთიერთობა გამოუსწორებლად დაიძაბა. UFC-მა ეს შანსი გამოიყენა. კოლბიმ ყოფილი გუნდელი მასვიდალი 5-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა. ამის შემდგომ კვლავ - უკვე მესამედ მიიღო სატიტულო შანსი, ამჯერად ახალ ჩემპიონ ლეონ ედვარდსთან. აი აქ კი იგი უკვე საშინლად გამოიყურებოდა. ბელალ მუჰამადმა დაგვანახა, რომ ლეონი დამარცხებადია, განსაკუთრებთ ჭიდაობის გამოყენებით. კოლბიმ კი იმის 10%-იც ვერ შეძლო, რაც ბელალმა მოახერხა. ნამდვილად, ლეონი უმაგრესი მებრძოლია, მაგრამ დაუმარცხებელი, თანაც კოლბის თამაშში, ანუ ჭიდაობაში - ნამდვილად არა.
ახლა კოლბი თავისუფალ ვარდნაშია. ის TOP 6-საც ჩამოცდება. რა იქნება მისთვის შემდეგი?! ბრძოლა პორიესთან, ან ვინმე სხვა ცნობილ მებრძოლთან?! არ ვიცით, მაგრამ, ჩემი აზრით სატიტულო რბოლას ის სამუდამოდ გამოეთიშა. მას მხოლოდ დიდი, გაყიდვადი და ძვირადღირებული ბრძოლებზე კონცენტრირება შეუძლია, რადგან კოლბი კოვინგტონს ნამდვილად აქვს ის ქარიზმა, რაც ბევრს არ აქვს.

ბევრს აწუხებს კითხვა, განა კოლბი მართლა ასეთია, თუ ეს უბრალოდ ნიღაბია?! - მას შემდეგ, რაც ვნახე ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ დარიგებებს აძლევდა იგი ერთ-ერთი მებრძოლ ფანს, დავრწმუნდი, რომ კოლბი კოვინგტონი კამერების წინ ტრანსფორმაციას განიცდის ხოლმე - იმისთვის, რომ ბევრი ფული იშოვოს. რაღაც თვალსაზრისით, კოლბი ტრაგიკული პერსონაჟია. ამგვარი ავანტიურა ადამიანისგან ბევრს ითხოვს, მატერიალური კეთილდღეობის, პოპულარობისა და აქტუალურობის მოპოვებას კოვინგტონმა რამდენიმე ახლო მეგობარი და ძვირფასი ურთიერთობა შესწირა. თუმცა, კომბატ სპორტი და MMA სირთულეებითა და დილემებით სავსე სამყაროა, მისი ერთგული მსახურები კი ფოლკლორში თავიანთი სახელის ჩასაწერად დიდ მსხვერპლშეწირვაზეც მიდიან. კოლბი კოვინგტონიც ასეთი კაცი გამოდგა.








![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






