ჟოზე მოურინიოს ერაში ფენერბაჰჩემ მეორე ტრანსფერი დახურა — თურქულ გრანდსა და ალ-აჰლის შორის რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ალან სენტ-მაქსიმინი კარიერას ფენერში გააგრძელებს. საუბარია 1-წლიან იჯარაზე, რომლის მიხედვითაც 27 წლის ფრანგი შემტევი, 2024/25 სეზონს თურქეთის სუპერ ლიგაში გაატარებს.
სენტ-მაქსიმინი საუდის ლიგაში 1-წლის წინ ნიუკასლიდან, €27 მილიონის სანაცვლოდ, გადაბარგდა. ფრანგმა ფეხბურთელმა 2023/24 სეზონში ჯამში 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და 10 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.
ფეხბურთელი ყოველთვის ამბობდა, რომ საუდის ლიგაში თავს კომფორტულად გრძნობდა, თუმცა როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოსთან საუბრის შემდეგ, ფრანგმა ფენერბაჰჩეში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო. სენტ-მაქსიმინი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე რიგით მეორე ტრანსფერი იქნება. შეგახსენებთ, რომ ფენერბაჰჩემ სულ რამდენიმე დღის წინ, ატლეტიკოდან ჩალარ სოიუნჯუს ტრანსფერი გააოფიციალურა.