მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გილიერმო ოჩოა კარიერას დაასრულებს. ის არის ერთადერთი მეკარე ექვსი მუნდიალით თავის აქტივში. მექსიკელი გოლკიპერი "აცტეკთა" განაცხადში იყო გერმანიასა და სამხრეთ აფრიკაში გამართულ ტურნირებზე, ბრაზილიის მუნდიალიდან კი ის ძირითადშიც გამოჩნდა.
როგორც აღვნიშნეთ, მალაგას ყოფილი მეკარის ანგარიშზეა ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა და ამ მაჩვენებლით მან გადაასწრო თანამემამულე ანტონიო კარბახალს, რომელმაც 1950-1966 წლებში მექსიკის ეროვნულ გუნდთან ერთად 5 მუნდიალზე ითამაშა. იგივე შედეგი აქვთ ჯანლუიჯი ბუფონს, მანუელ ნოიერსა და ფერნანდო მუსლერას.
იტალიელ მეკარეს კარიერა დასრულებული აქვს, გერმანელი და ურუგვაელი კარის დარაჯებიც ფინიშისკენ მიდიან. მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაიერნ მიუნხენის კაპიტანი და ესტუდიანტეს ლა პლატას გოლკიპერი იქნებიან 44-44 წლის, რაც "მწვანეების" მე-13 ნომრის შედეგის გამეორების ალბათობას პრაქტიკულად გამორიცხავს.
რაც შეეხება იმ მოქმედ მეკარეებს, ვინც არიან მემოსთან ახლოს, ასეთია ორი - ტიბო კურტუა და მეთიუ რაიანი. ორივე კარის დარაჯის აქტივშია ოთხი მუნდიალი, ბელგიელი და ავსტრალიელი გოლკიპერიც 34 წლის არიან. მათ სჭირდებათ კიდევ 2 ტურნირზე ასპარეზობა, რაც დამატებით 8 წელს გულისხმობს.
რეალ მადრიდისა და ლევანტეს მეკარეებმა უნდა ითამაშონ 2030 და 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე - რთული წარმოსადგენია, თუმცა თეორიული შანსი ნამდვილად არსებობს. როგორც ვხედავთ, ოჩოას მიღწევის გამეორება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.











