26 თებერვალს, 00:30 საათზე გაიმართება კოპა დელ რეის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა ბარსელონასა და მადრიდის ატლეტიკოს შორის. მიმოვიხილოთ "ბლაუგრანასა" და "როხიბლანკოს" ამჟამინდელი მდგომარეობა, ასევე ყველაფერი საინტერესო, რაც ამ გუნდების გარშემო ხდება.
განვლილი გზა
ბარსელონამ ნახევარფინალში გასვლამდე გადალახა ვალენსიას, რეალ ბეტისისა და უნიონ დეპორტივა ბარბასტროს ბარიერი. რაც შეეხება ატლეტიკოს განვლილ მეტოქეებს: ელჩე, მარბელა და კასერენო. "ბლაუგრანასა" და მადრიდელების საპასუხო მატჩი შედგება 2 აპრილს, მათ შორის მოგებული კი ფინალში რეალ მადრიდსა და სოსიედადს შორის ერთ-ერთს შეხვდება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ კატალონიური გუნდი და "როხიბლანკო" ერთმანეთის კონკურენტები არიან არა მხოლოდ კოპა დელ რეიზე, არამედ ლა ლიგაშიც. 25 ტურის შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფრები" 54-54 ქულით ლიდერობას იყოფენ "სამეფო კლუბთან" ერთად, შემდეგ კი მოდიან "ინდიელები", რომლებსაც 1 ქულით ნაკლები აქვთ.
ამჟამინდელი მდგომარეობა
ბარსელონას დღევანდელ შეხვედრაში ტრავმის გამო დააკლდება სამი ფეხბურთელი - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ანდრეას კრისტენსენი და მარკ ბერნალი. ატლეტიკოს კი კოკე რესურესიონი არ ეყოლება. "ბლაუგრანა" და დედაქალაქელები მიმდინარე სეზონში ერთხელ უკვე შეხვდნენ: პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურში კატალონიელებმა მადრიდელებთან შინ 1:2 წააგეს.
ზოგადად კი ეს იქნება აღნიშნული გუნდების რიგით 244-ე დაპირისპირება - იქამდე 110-ჯერ იმარჯვეს "ლურჯ-ბროწეულისფრებმა", 77-ჯერ - "როხიბლანკომ", 56 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ამ დუელის საუკეთესო გოლეადორი არის ლეო მესი, რომელმაც დედაქალაქელებს სხვადასხვა დროს 32 ბურთი გაუტანა.