კევინ დე ბრუინი სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ამის შესახებ ბელგიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ განაცხადა. როგორც შემდგომში პეპ გვარდიოლამ თქვა, კლუბმა 33 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა, შესაბამისად, დე ბრუინის მანჩესტერული ისტორია ზაფხულში დასრულდება.
რა გეგმები აქვს პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ნახევარმცველს მომდევნო სეზონის წინ?
ამ მომენტისთვის მისი ევროპაში დარჩენის შანსი ძალიან დაბალია, მეტიც, როგორც ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, ბელგიელი კარიერის სხვა კონტინეტზე გაგრძელებაზე სერიოზულად ფიქრობს. 33 წლის ფეხბურთელით უკვე ინტერესდებიან MLS-ისა და საუდის კლუბები.
ამერიკული გუნდებიდან სან დიეგოსა და ინტერ მაიამის ინტერესი რეალურია, თუმცა ამ მომენტისთვის მეტი არაფერი ხდება. რაც შეეხება საუდის კლუბებს, პრო ლიგის წარმომადგენლები უახლოეს კვირებში ვეტერან ფეხბურთელს საკმაოდ სოლიდურ შეთავაზებებს გაუკეთებენ. როგორც იწერება საქმეში 5-ზე მეტი კლუბია.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელია ევროპული კლუბების გააქტიურებაც. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელის რეგრესი სახეზეა, ბევრი გუნდი ასეთი დონის ფეხბურთელის უფასოდ დამატებაზე, უარს რა თქმა უნდა არ იტყვის.