პეპ გუარდიოლამ ბონუსებზე უარი თქვა, არც თავად იღებს, არც ფეხბურთელებს აძლევს, თავს ისჯის ცუდი სეზონისთვის, მხოლოდ მელოტი თავის დაკაწვრა არ იკმარა. სიტის ცვლილებები სჭირდება და იუნაიტედისგან განსხვავებით ამის უნარი გააჩნია. ასე რომ, დაველოდოთ საღამოს, ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო შეხვედრა გველის, მანამდე კი გადავავლოთ თვალი მანჩესტერული დერბის ისტორიას, რომელიც გამორჩეულ გმირებსა და შეხვედრებს გვახსენებს.
ორი წლის შემდეგ დასავლეთ გორთონში წმინდა მარკის ეკლესიის წევრებმა თავისი კლუბი დააარსეს, რომელსაც დღეს მანჩესტერ სიტის სახელით ვიცნობთ. კლუბის დაარსების მოტივი ალკოჰოლიზმთან, უმუშევრობასთან და ქუჩის ბანდებთან ბრძოლა იყო. რა საჭიროა დალევა და მუშტი-კრივი?! - დარჩი ფხიზლად და ითამაშე ფეხბურთი! - ქადაგებდნენ წმინდა მარკის ტაძარში. შენ გაიხარე მამაო!
მანჩესტერული დერბი პირველად 1881 წელს შედგა, მატჩი ნიუტონ ჰიტმა 3:0 მოიგო. თუმცა, ამ დროს კლუბებს შორის არც კონკურენცია ყოფილა, არც შუღლი და სიძულვილი, ეგ დროთა განმავლობაში მოვიდა. ამ დროს ქალაქის თასი ტარდებოდა, გათამაშებაში ეს ორი კლუბი გამოირჩეოდა, ნიუტონი და წმინდა მარკის ბიჭები, ან არდვიკელები (მანჩესტერის მხარეა სამხრეთ-აღმოსავლეთით). დეკადის განმავლობაში ნიუტონ ჰიტმა ქალაქის თასი ოთხჯერ, ხოლო არდვიკმა ორჯერ მოიგო.

მანჩესტერ სიტი, 1904 წლის ასოციაციის თასის გამარჯვებული. მათ შორის ბილი მერედიტი (წინ და ცენტრში თასით)
შემოგვყურებს ფოტოდან ეს ბუნდოვანი ხალხი, თასით დამშვენებული, თავაწეული, ამაყი ხალხი, რომელთა უმრავლესობამაც შეარცხვინა კლუბი, მათ შორის, შუაში მჯდომმა ლიდერმა - ბილი მერედიტმა. ბილის მატჩების ჩაწყობის ბრალდება წაუყენეს და ერთი წლით აუკრძალეს თამაში. გარდა ამისა, სიტი დაადანაშაულეს ფეხბურთის ასოციაციის დადგენილი წესის დარღვევაში, რაც გულისხმობდა რომ ფეხბურთელებისთვის კვირაში 4 ფუნტზე მეტი არ უნდა გადაეხადათ. ამის გამო, სამუდამოდ ჩამოაცილეს ფეხბურთს მათი მწვრთნელი ტომ მეილი, ხოლო, 17 ფეხბურთელს სამუდამოდ აეკრძალა მანჩესტერ სიტიში თამაში.

„ხმაურიანი მეზობლები”, რომელთაც ჯერ არ ეძახდნენ ხმაურიან მეზობლებს, მდუმარედ არ ყოფილან მანჩესტერის აღზევების კვალდაკვალ, სიტიმ 1955 და 1956 წლებში ორჯერ ითამაშა ასოციაციის თასის ფინალში, ერთში დამარცხდა, მეორე მოიგო. თუმცა, გავიდა ათი წელი და როცა იუნაიტედმა ევროპის თასის მოგება შეძლო, მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონატი მოიგო, ორი ქულით აჯობეს მეზობლებს.

ბასბის ბარტყები - ამ ბიჭებიდან შვიდი ავიაკატასტროფაში დაიღუპება

ფრენსის ლი ზეიმობს ჩემპიონობას, 1967/68 წლების სეზონის 38 შეხვედრაში 16 გოლი შეაგდო
ასეთი მატჩები კი ინციდენტების გარეშე ვერ დასრულდებოდა, 1970 წლის დეკემბერში ჯორჯ ბესტმა გლინ პარდოს ფეხი მოტეხა, იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე 4:1 წააგო. ბესტი გაბრაზდა და... სიტის ფეხბურთელი ძლივს გადაურჩა ფეხის დაკარგვას. იყო დიდი სიცილიც, მაგალითად, მეინ როუდზე, როცა ჯორჯ ბესტმა „ჩაყვინთა”, ფრენსის ლიმ კი გულისწასვლამდე იცინა ქომაგებთან ერთად, მატჩი 3:3 დასრულდა. თუმცა, ყველაზე მოულოდნელი მაინც 1973/74 წლების სეზონის მატჩი იყო, როცა მანჩესტერელი ლუ მაკარი და სიტის ტომი დოილი გააძევეს, მაგრამ მოედნის დატოვებაზე ორივემ უარი თქვა, მსაჯს რა უნდა ექნა?! - ადგა და თავად დატოვა მოედანი. იქამდე არ გაგრძელდა მატჩი, სანამ ფეხბურთელებმა წითელი ბარათი არ აღიარეს.

ლუ მაკარი და ტომი დოილი
ისტორიული სურათი კი, რა თქმა უნდა, მანჩესტერის ლეგენდას დენის ლოუს უკავშირდება, ამ მომენტზე მის ნეკროლოგში უკვე ვწერდით. დენის ლოუ იუნაიტედიდან მწვრთნელთან კონფლიქტის გამო გაუშვეს, ის მეზობელ სიტიში გადავიდა, ჩემპიონატის ბოლო ტურში მანჩესტერული დერბი ჩაინიშნა და დენის ლოუმ გამარჯვების გოლი შეაგდო, ერთ-ერთი საუკეთესო გოლი მის კარიერაში, თანაც, ოლდ ტრაფორდზე, თანაც ქუსლით! - გოლი არ აღნიშნა, თუმცა, ეს ვერაფერი შვება იყო იუნაიტედის ქომაგებისთვის, იმიტომ, რომ ამ გოლის შედეგად მანჩესტერი მეორე დივიზიონში გავარდა.
„19 წელი დაუნანებლად ვცდილობდი მეტოქის კარში გოლის გატანას, ამ მომენტში კიდევ თითქოს არც მსურდა რომ ეს მომხდარიყო.” - იხსენებდა დენის ლოუ.
მატჩის მიწურულს ქომაგები სტადიონზე შეიჭრნენ და მატჩი შეწყდა, მაგრამ ასოციაციამ შედეგი მაინც დააფიქსირა - მანჩესტერი გავარდა!
ლოუს გოლის მითოლოგიზმზეც ხშირად საუბრობენ, მანჩესტერი სხვა გუნდებზეც იყო დამოკიდებული და შეიძლებოდა მოგების შემთხვევაშიც გავარდნილიყო, მაგრამ ისტორიას ასე დარჩა - იუნაიტედი ლოუმ გააგდო. ვის აინტერესებს სხვა ფაქტორები, როცა მათ უდიდეს ლეგენდას, „სამების” ერთ-ერთ წევრს გოლი გააქვს მათივე კარში, და შედეგად მანჩესტერი ვარდება?! - მისალოცად კოლინ ბელი მივიდა, ლოყაში რამდენჯერმე შემოსცხო, მაგრამ ლოუს სიხარული არ ეტყობოდა, ის მოედნიდან გავიდა და აღარასდროს უთამაშია.
ლოუს „წითელ მემკვიდრეობას” არაფერი დაკლებია. ერთადერთია ვისაც ორი ქანდაკება აქვს ოლდ ტრაფორდზე. ამის მერე სიტის 35-წლიანი ლოდინი დასჭირდა იმისათვის, რომ მეზობლებისთვის ისევ ამაყად შეეხედათ, რადგან, მომდევნო წლებში იუნაიტედმა ახლოს არ გაიკარა მანჩესტერის ლურჯი მხარე.
ფერგიმ თავისი 27-წლიანი მმართველობის განმავლობაში 38 ტიტული მოიგო, მათ შორის - 13 პრემიერ ლიგა, ორი ჩემპიონთა ლიგა, ხუთი ასოციაციის თასი და ოთხი ლიგის თასი. თუ იუნაიტედი ჩემპიონი ვერ ხდებოდა, ყოველთვის ტრიალებდა სამეულში. დროთა განმავლობაში კონკურენტები გამოჩნდებოდნენ ხოლმე - ბლექბერნი, ნიუკასლი, არსენალი, ჩელსი, მაგრამ იუნაიტედი ჩემპიონატის მთავარი გუნდი იყო, ფერგიუსონმა კი პირობა შეასრულა - ლივერპული კვარცხლბეკიდან ჩამოაგდო.
სიტი ამ დროს საშინელი გუნდი იყო, მაგრამ ამ საშინელებაში ქართველების სიყვარულიც მოიპოვეს, იქ ხომ ამ დროს გიორგი ქინქლაძე თამაშობდა, რომელმაც სიტის ბოლომდე უერთგულა. ჰქონდა შემოთავაზებები ნიუკასლიდან, ლივერპულიდან, მანჩესტერიდან, ბარსელონადანაც კი, მაგრამ გიო მაინც სიტიში დარჩა.

ნიკი ბატი, გიორგი ქინქლაძე, დევიდ ბექემი
1995/96 წლების სეზონის გადამწყვეტი მატჩი ლივერპულთან გაიმართა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. სიტი გავარდა. ქომაგები ქინქლაძეს დარჩენას თხოვდნენ, ეხვეწებოდნენ, უმღეროდნენ, გიო სიტის ჩემპიონშიპში გაყვა, მერე კი იქიდანაც გავარდნენ.
იყო რამდენიმე მტკივნეული მომენტიც. მაგალითად, რაიან გიგზი სიტიში თამაშობდა, უფრო სწორად, მათ აკადემიაში. 14 წლის ასაკში შეუერთდა იუნაიტედს და 17 წლისამ სადებიუტო გოლი სწორედ მანჩესტერ სიტის გაუტანა. თითქოს, დენის ლოუს ვალი დააბრუნა. სიტი „მეფე ერიკსაც" განსაკუთრებით უყვარდა, ოთხ სეზონში რვა გოლი შეუგდო. როგორ არ ცდილობდნენ ფრანგის შეჩერებას, მათ შორის, წესების კი არა, კანონის დარღვევის საშუალებითაც, იმიტომ, რომ მოსაკლავად დასდევდნენ მოედანზე, მაგრამ მაინც ვერაფერი დააკლეს.

ერიკ კანტონა სიტის წინააღმდეგ
გამოსარჩევია კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც იუნაიტედმა 5:0 მოიგო, კანტონამ იქაც შეაგდო, მაგრამ მთავარი ვარსკვლავი ანდრეი კანჩელსკისი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
1999 წლის სეზონის ბოლოს ორივე გუნდს საზეიმოდ ჰქონდა საქმე, სიტი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა, მანჩესტერ იუნაიტედმა კი სამივე ტიტული მოიგო. თანაც როგორ - კამპ ნოუზე ბაიერნის წინააღმდეგ, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფინალში. შერინგემმა და სულშერმა მეტ ბასბის დაბადების დღეზე შეაგდეს გოლები. არის ამაში დიდი სიმბოლიზმი.
დაბრუნდა სიტი პრემიერ ლიგაში და ახალ ომს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ახლაც გრძელდება მემკვიდრეობითი ხაზით. ჯერ კიდევ 1997 წელს როი კინმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, ამ დროს ლიდსის ფეხბურთელი ალფ-ინგე ჰოლანდი თავზე დაადგა და ადექი შე დამპალო სიმულიანტოო, წამოაძახა. ირლანდიელმა, რა თქმა უნდა, დაიმახსოვრა ეს ამბავი, მოედანზე რვა თვის მერე დაბრუნდა, იმის სურვილით რომ ალფის კარიერა დაესრულებინა. ოთხი წლის მერე, როცა ალფი უკვე სიტიში თამაშობდა, შურისძიების დღეც დადგა, როი გაშლილი ფეხით წავიდა, პირდაპირ მისი მუხლებისკენ, ალფი მოწყვეტით ეცემა, კინი სამკლავურს იხსნის იქამდე, სანამ მსაჯი წითელს აუფრიალებს, ძირს გაშოტილ ჰოლანდთან მიდის და თავზე დასძახის - ადექი შე დამპალო სიმულიანტო!
იმ სეზონში იუნაიტედმა სამი ტიტული მოიგო, ჰოლანდის მანჩესტერ სიტი კი გავარდა.
„იმედგაცრუებული დავრჩი სიტის ფეხბურთელებით, მათ თანაგუნდელს მუხლები მივულეწე, ისინი კი იდგნენ და მიყურებდნენ, მე ვიცი, რომ თუ ვინმე იუნაიტედის ფეხბურთელს მიეკარება, მთელ გუნდთან ექნება საქმე.” - წერდა როი თავის ავტობიოგრაფიაში.
1989 წლის შემდეგ მანჩესტერ სიტიმ იუნაიტედი პირველად კევინ კიგანის ხელმძღვანელობით 2002 წელს დაამარცხა, ისტორიული მატჩი იყო, ბოლო მატჩი მეინ როუდზე. ასევე, სიტიმ მოიგო პირველი დერბი ახალ სტადიონზე - ფაულერის, მაკინის, სინკლერისა და ფილიპსის გოლებით - 4:1.

ბოლო დერბი მეინ როუდზე სიტის გამარჯვებით დასრულდა
ფერგი უკვე მესამე ფორმაციის გუნდს ქმნიდა, ახალგაზრდა სუპერვარსკვლავებით, რომლებმაც ყველაფერი მოიგეს სხვადასხვა სეზონებში, გამოჩდნენ რუნი და რონალდუ, მანჩესტერ სიტი კიდევ საშუალო დონის გუნდად რჩებოდა, თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი მატჩი მაინც მოიგეს - მიუნხენის ტრაგედიიდან 50 წელი გავიდა, იუნაიტედმა რეტრო მაისურით ითამაშა, ამის უფლებას მხოლოდ ისეთ ქვეყანაში მოგცემენ, სადაც გიჟდებიან ტრადიციებზე, ნამდვილად გამორჩეული მატჩი იყო, რომელიც ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ სიტიმ მოიგო - 1:2.
სიტის ვერც შინავატრამ და სვენ გორან ერიქსონმა უშველეს. გადამწყვეტი კი 2008 წლის ფინანსური კრიზისი აღმოჩნდა, პრემიერ ლიგის ბანკი გაკოტრდა, რეგულაციები მაქსიმალურად მოხსნეს და ინვესტიციებს გზა გაუხსნეს. ამ დროს, ამანდა სტეივლი (მომავალში ნიუკასლის მმართველი) არაბეთში გაემგზავრა და აბუ-დაბის კონსორციუმს მანჩესტერ სიტის შეძენა შესთავაზა. აქედან სულ სხვა ამბავი იწყება.
შეიხ მანსურს ფული რად უნდა, შეიხი მანსური თავად ფულია
მანჩესტერი ჯერ კიდევ საუკეთესო კლუბი იყო ინგლისში და ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში. მხოლოდ პეპ გუარდიოლას ბარსელონას ვერ მოუხერხეს ვერაფერი. სამი წლის განმავლობაში მათთან ორჯერ წააგეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ამასთან ერთად, გამართლდა რობინიოს შიში - კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერი დატოვა და რეალში გააგრძელა კარიერა. რონალდუს მერე მანჩესტერი დატოვა კარლოს ტევესმა, ეს კი მანჩესტერში გაცილებით ხმაურიანი ტრანსფერი გამოდგა.
„სიტი პატარა კლუბია, პატარა მენტალიტეტით, მხოლოდ იუნაიტედზე ლაპარაკობენ, ვერ გვეშვებიან. მათ მიაჩნიათ, რომ ტევესის გადაყვანით ტრიუმფს მიაღწიეს, ეს საცოდაობაა.” - თქვა სერ ალექსმა კარლოს ტევესის ტრანსფერის შემდეგ.
გარდა ტევესისა სიტიმ პრემიერ ლიგის სხვა ვარსკვლავებიც მოიყვანა - ემანუელ ადებაიორი, კოლო ტურე, გარეტ ბერი, სანტა კრუზი, ლესკოტი. კარლოს ტევესმა კი კონტრაქტის გაფორმების მერე კომენტარი გააკეთა - „ხელმძღვანელებმა მაჩვენეს ამბიცია, რომ სიტის შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო კლუბი გახდეს.”
მანჩესტერ სიტიმ დინსტეიჯზე, ქალაქის ცენტრში კარლოს ტევესის დიდი ბილბორდი განათავსა წარწერით - „კეთილი იყოს შენი მობრძანება მანჩესტერში.” ამის გამო სერ ალექსმა სიტის ხელმძღვანელებს პროვინციელები უწოდა.

კარლოს ტევესის ბილბორდი
დუღილმა მაქსიმუმს 2009/10 წლების სეზონში მიაღწია, როცა საუკეთესო დერბი ვიხილეთ, იუნაიტედმა დრამატულ ბრძოლაში 4:3 გაიმარჯვა, გადამწყვეტი გოლი რაიან გიგზის პასით მაიკლ ოუენმა გაიტანა. მატჩის მერე მარკ ჰიუზი მსაჯს საყვედურობდა - რატომ არ დაასრულე შეხვედრაო, მაგრამ ვერაფერს გახდა, ან, რას გახდებოდა, ეს ხომ ფერგის დროა?!
„მიყვარს ფერგიუსონი, ის საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ სიტისგან საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამდა, ეს კიდევ შეცდომა აღმოჩნდა. მათ ისტორია არ აქვთ, უეცარი ინვესტიციით მოახერხეს სიმაღლეზე ასვლა და სტადიონსაც კი ვერ ავსებდნენ, რომელიც ოლდ ტრაფორდზე მცირე რაოდენობის მაყურებელს იტევს, მაგრამ საფრთხე მაინც რეალური იყო.” - ამბობს იუნაიტედის ქომაგი ჯეი მოტი.
მომდევნო სეზონში სიტიმ 35-წლიანი გვალვა დაასრულა და თასი მოიგო - სტოკთან ფინალში. გოლი ია ია ტურემ შეაგდო, რომელიც ასევე ბარსელონადან გადმოიბირეს და კლუბის ლეგენდად იქცა. ამ დროს უკვე დაწყებულია სიტის ბარსელონიზაცია, გარდა ამისა, ფერან სორიანომ მულტიკლუბურ სისტემას ჩაუყარა საფუძველი - CFG ამჟამად მსოფლიო მაშტაბით 12 კლუბის მფლობელია.
თასის მოგების მერე სიტი ჩადის ოლდ ტრაფორდზე და იქ დამცინავი ბანერი ხვდება, 35-წლიანი გვალვის შესახებ. კარგი სამოტივაციო იყო რობერტო მანჩინის გუნდისთვის, რომელმაც მანჩესტერი გასვლაზე 6:1 დაამარცხა. მაყურებელს დაამახსოვრდა მარიო ბალოტელის აღნიშვნა (რაც ფერგის, ალბათ, ასევე პროვინციალიზმად მოეჩვენა) - Why Always me? - იტალიელმა ეს არ იკმარა და მატჩის მერე ინსტაგრამზე დაწერა - „ეს არასდროს დაივიწყო, მანჩესტერო.”
„ჩემი ყველაზე ცუდი დღეა, ეს ყველაზე ცუდი შედეგია, რაც ოდესმე მქონია.” - თქვა მატჩის მერე სერ ალექსმა. თუმცა, ის რაც სეზონის ბოლოს მოხდა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გუნდები ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ ერთამნეთს, ფერგიუსონი მთელი თავისი გამოცდილებით ნელ-ნელა მიუყვებოდა გზას გამარჯვებისკენ, სიტი კი წარმოუდგენელ თანხებს ხარჯავდა, მაგრამ ჩემპიონის ტიტულს ვერ სწვდებოდა. ასე იყო აღნიშნულ სეზონამდე, ასე იყო ბოლო ტურამდე, მერე კი მოხდა ის, რაც მოხდა.
იუნაიტედმა სანდრელენდი დაამარცხა და ცხრილის სათავეში აღმოჩნდა, რადგან პარალელურად სიტი ქუინზ პარკთან მარცხდებოდა. ბოლო წუთებზე ჯეკომ ანგარიში გაათანაბრა და მოლოდინში მყოფი მანჩესტერელები აანერვიულა. ქომაგები ტელეფონებში უცქერდნენ შეხვედრას, სულ რამდენიმე წამი იყო დარჩენილი, როცა ისტორიული სურათი ვიხილეთ, და მათ შორის, ისტორიული კომენტარიც მოვისმინეთ, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ფეხბურთელის გვარი ითქვა, მაგრამ როგორ ითქვა?! - აგუეროოოოოოოოო!!! ვფიცავ, ასეთ რამეს ვერასდროს იხილავთ!

მანჩესტერ სიტიმ 44 წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.
პეპი მოვიდა
იყო დრო, როცა ფერგი თავისი ავტორიტეტით სარგებლობდა და ვარსკვლავები მოჰყავდა, მისი ერთი ზარი საკმარისი იყო ხოლმე, ახლა ამორიმმა რომ ვინმეს დაურეკოს, ალბათ, მაშინვე დაბლოკავენ. გუარდიოლას მოსვლის მერე კი სიტის დომინაცია სულ სხვა საფეხურზე ავიდა, არც პელეგრინის დროს იყო ცუდი გუნდი, ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ და ბევრი გოლიც გაჰქონდათ, მაგრამ პეპმა ისეთივე დინასტია შექმნა, როგორსაც ფერგი ქმნიდა თავის დროზე. თუ სერ ალექსის მიზანი ლივერპულის გადასწრება იყო, პეპს მეზობლების წაშლა აქვს მიზნად დასახული, თუმცა, იუნაიტედი თავად შლის თავისივე მემკვიდრეობას.
„ეს ის მანჩესტერი აღარ არის, სადაც კარიერას ვიწყებდი.” - თქვა კრიშტიანუმ, რომელიც ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტს შეეწირა. თითქმის იგივე აქვს ნათქვამი ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც - დიდ კლუბში გადავედი, მაგრამ პატარა მენტალობა დამხვდაო. არადა, დრო იყო ფერგიუსონი სიტის უწოდებდა პატარა მენტალიტეტის მქონე კლუბს.
მთავარი ამბავი კი ბოლო დეკადაში მაინც მენეჯმენტია, ყოფილმა ბარსელონელებმა სიტის მენეჯმენტი თავიდან ბოლომდე დაალაგეს, მანჩესტერში კი აბსოლუტური ქაოსია, რომელიც კატასტროფამდე მივიდა.
ამასობაში გუარდიოლამ ჩვეული რეკორდები მოხსნა - გოლების, ქულების, ტიტულები ჯერ წინ აქვს. კაცმა არ იცის ეყოფა თუ არა ძალა და ენერგია ფერგიუსონივით, მიმდინარე სეზონში ძალიან გამოფიტული და თვითდესტრუქციული ჩანს.
იუნაიტედისთვის ძალიან მწარე გამოდგა პეპის კიდევ ერთი მიღწევა - სიტისთან ერთად ტრიპლეტის მოგება. ეს ხომ ინგლისში მხოლოდ ფერგის ჰქონდა გაკეთებული - 1998/99 წლების სეზონში, გუარდიოლამ კი მისი მიღწევა გაიმეორა.
მიმდინარე სეზონში იუნაიტედის თავს ისეთები ხდება, სიტის ჩავარდნაც ვეღარ მოიყვანთ ხასიათზე, უცნაურია, რომ ესეც შეიცვალა, ახლა მანჩესტერის ქომაგებს ახარებთ სიტის ჩავარდნა, თითქოს ეს მათი გამარჯვება იყოს.















