ევროპის ტოპ ლიგებში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დიახურა, თუმცა რამდენიმე ქვეყანაში ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ტრანსფერების განხორციელება. ამ სიაშია თურქეთიც, სადაც სატრანსფერო ფანჯარა 13 სექტემბერს იხურება. ვიქტორ ოსიმენს, რომ ნაპოლიში დიდი პრობლემები აქვს, ამის შესახებ უკვე გიამბეთ, ახლა კი იტალიურ და ფრანგულ პრესაში ძალიან საინტერესო სიახლე ვრცელდება —
გალათასარაი ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობს! როგორც იწერება, მხარეები 1-წლიან იჯარაზე მუშაობენ, რაც ნაპოლისაც აწყობს და თავად ფეხბურთელსაც.
რამდენიმე თვის წინ, ასეთ რთულ სიტუაციას ვერც ოსიმენი წარმოიდგენდა და ვერც აურელიო დე ლაურენტისი. ნიგერიელი ფორვარდის ტრანსფერზე ჯერ პსჟ მუშაობდა, შემდეგ ჩელსი, ბოლოს კი ალ აჰლი, თუმცა არც ერთ კლუბში ტრანსფერი არ შემდგარა. იმის მიუხედავად, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, ნაპოლი და ალ აჰლი ტრანსფერზე შეთანხმდნენ, ოსიმენმა ამ გარიგებას მწვანე შუქი არ აუნთო და ტრანსფერიც არ შედგა. მოსალოდნელი იყო ჩელსის გააქტიურებაც, თუმცა არც ლონდონელებმა მოინდომეს ფეხბურთელის დამატება.
ახლა კი ყველაფერი გალათასარაიზეა დამოკიდებული. თურქული გრანდი ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და უახლოეს საათებში ოსიმენის გარიგებასთან დაკავშირებით, უფრო მეტ სიახლეს ველოდებით.