ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, თანაც ისე რომ გზად მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. ბოლო ეროვნული გუნდი, რომელიც მუნდიალის მთავარ შეხვედრამდე მივიდა 1 ბურთის გაშვებით იყო 2006-ის იტალია და როგორც გვახსოვს, გერმანიაში ჩატარებული ტურნირი სწორედ აღნიშნული გუნდის მოგებით დასრულდა.
"ფურია როხას" მიღწევა კიდევ უფრო შთამბეჭდავია, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატს დაემატა 1/16 ფინალი, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავარ შეხვედრამდე მისასვლელად ეროვნულ გუნდებს სჭირდებათ 7 შეხვედრის ჩატარება, "აძურიმ" კი 1 ბურთი 6 დაპირისპირებაში გაუშვა.
"წითლებმა" გოლის გაშვების გარეშე ჯგუფში ითამაშეს ურუგვაისთან, კაბო ვერდესა და საუდის არაბეთთან, პლეიოფში კი საფრანგეთთან, პორტუგალიასა და ავსტრიასთან. ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებმა ის ერთადერთი ბურთი გაუშვეს ბელგიასთან 1/4 ფინალში, შარლ დე კეტელარეს დამსახურებით.
რაც შეეხებათ "ლურჯებს", ფინალამდე გოლის გაშვების გარეშე ისინი მივიდნენ გერმანიასთან, უკრაინასთან, ავსტრალიასთან, ჩეხეთსა და განასთან შეხვედრებში. მარჩელო ლიპის შეგირდებმა ერთადერთი ბურთი გაუშვეს ჯგუფში აშშ-სთან, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ყველაფერი ავტოგოლით მოხდა.
დიახ, იტალიას ის გოლი გაუტანა არა მეტოქე ფეხბურთელმა, არამედ თავისიანმა, კრისტიან ძაკარდომ. 21-ე საუკუნეში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ შეხვედრამდე 1 ბურთის გაშვებით მივიდა 2002-ის გერმანიაც, მაგრამ უშუალოდ ფინალში მას 2 გოლი რონალდო ნაზარიომ შეუგდო. ვნახოთ, რას იზამს ესპანეთი, არგენტინასა და ინგლისს შორის მოგებულთან.















