თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა, სულ რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ფენერბაჰჩემ მორიგი ტრანსფერი დახურა — ფილიპ კოსტიჩი იუვენტუსიდან 1-წლიანი იჯარით თურქულ გუნდში ითამაშებს. მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს, 31 წლის სერბი ფეხბურთელი სტამბოლში უახლოეს საათებში ჩაფრინდება.
ტიაგო მოტას იუვენტუსში მისვლის შემდეგ, კლუბმა ბევრი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა და ამ სიაში მოხვდა კოსტიჩიც. განიხილებოდა საუთჰემპტონის, ვესტ ჰემის, ბორნმუთისა და საუდის გუნდების ვარიანტები, თუმცა ფეხბურთელმა იუვეს დატოვება ამ დრომდე ვერ მოახერხა. შემდეგ საქმეში ჟოზე მოურინიოს ფენერბაჰჩე ჩაერთო და გარიგებაც დაიხურა.
კოსტიჩი იუვენტუსის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა, რა დროშიც ფეხბურთელმა 87 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და 15 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.
ფენერბაჰჩეს კოსტიჩის გამოსყიდვა 2025 წლის ზაფხულში შეეძლება.