ესპანეთის ნაკრების განაცხადი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია. საინტერესოა, რომ შემადგენლობაში მადრიდის რეალის ერთი მოთამაშეც ვერ მოხვდა. მსგავსი რამ მუნდიალის ისტორიაში მოხდა პირველად. დიახ, "ლა როხას" აღნიშნულ ტურნირზე აქამდე უთამაშია 15-ჯერ და "სამეფო კლუბის" მინიმუმ 1 მოთამაშე გუნდში ყოველთვის ყოფილა.
მსოფლიო ჩემპიონატი გასაგებია, თუმცა "წითლების" ისტორიაში კიდევ გვხვდება ერთი ტურნირი, სადაც არ ყოფილან სანტიაგო ბერნაბეუს მკვიდრები, თანაც არც ისე შორეული წარსულიდან. საუბარია ევრო 2020-ზე, რომელზეც ესპანეთის ეროვნული გუნდის იმდროინდელმა დამრიგებელმა, ლუის ენრიკემ რეალის მოთამაშეებზე უარი თქვა.
"ფურია როხას" განაცხადის გამოცხადების შემდეგ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ესპანელმა მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა მადრიდელთა იმდროინდელი კაპიტანი, სერხიო რამოსი. რაც შეეხება შედეგს, "წითლები" მივიდნენ 1/2 ფინალამდე, სადაც დამარცხდნენ მომავალ ჩემპიონთან, იტალიის ეროვნულ გუნდთან.
აღსანიშნავია, რომ პარის სენ-ჟერმენის ამჟამინდელი მწვრთნელი ესპანეთის ნაკრებში მუშაობდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც, თუმცა აღნიშნულ ტურნირზე მან მადრიდელი მოთამაშეები ამჯერად წაიყვანა. "ლა როხას" შემადგენლობაში კატარში ჩატარებულ მუნდიალზე დანი კარვახალი და მარკო ასენსიო იყვნენ.








