პირველი რაუნდი
პირველი რაუნდი მერაბმა ფრთხილად დაიწყო. LaGazzetta Georgia-ს ლაივის ყურებისას, მეც შემატყობდით, რომ ვნერვიულობდი, რადგან უმარმა აჩვენა ტექნიკურად ის ბრძოლა, რომლითაც მერაბისთვის რაუნდის წართმევა შეიძლებოდა. ნურმაგომედოვმა ფეხის დისტანცია დაიჭირა, გარედან კარგად უტევდა და მერაბის გდებებისგან თავს წარმატებით იცავდა. დაღესტნელი ცენტრის გარშემო კარგად მოძრაობდა და ყველაზე სახიფათოდ ცაცია დგომიდან მის წინა, ანუ მარჯვენა ფეხს იქნევდა, რომელიც რამდენჯერმე მიზანს მოხვდა. კრივის გაცვლებშიც მსგავსი მდგომარეობა იყო, უმარს უფრო გრძელი წვდომი აქვს და გაცვლებიდან ხშირად მოგებული გამოდიოდა ხოლმე, თუმცა ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა. გამხსნელი რაუნდი ახლო იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ის დავთმეთ. სამმსაჯიანი კოლეგიიდან ორმა ამ რაუნდში გამარჯვება სწორედ უმარს მიანიჭა, ერთმა კი მერაბს.

მეორე რაუნდის შეფასებაში, რომელიც უმარის აქტივში ჩაიწერა, მსაჯები ერთსულოვნები აღმოჩნდნენ. ამაში მსაჯებს არ ვეწინააღმდეგები, ჩემი შეფასებაც მსგავსი იყო. უმარი ბრძოლას კვლავ დგომში ტოვებდა, მერაბის პარტერში გადაყვანას იგი ვერაფრით ვერ ახერხებდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ ერთი საჭიდაო გაცვლა, როდესაც უმარმა მოახერხა და ზურგით ჩაეთრია მერაბი, რაღაც პერიოდი სწორედ ასე აკონტროლებდა უმარი მერაბს. ეს რაუნდი უმარმა მოიგო, რადგან გაცვლებში გამარჯვებული ის რჩებოდა, მაგრამ მერაბი ინვესტიციებს დებდა. იგი ნომერ პირველი იყო და მეტოქის დარტყმის სიძლიერის მიუხედავად, უკან არ იხევდა, წინ მიიწევდა და უმარს მუდმივ წნეხში ამყოფებდა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მერაბს სახეზე ზიანი ეტყობოდა და ცოტა სისხლი მოსდიოდა, ჩვენებური გრძელვადიან თამაშს თამაშობდა - ამ წნეხითა და ამტანობით უმარს აიძულებდა, რომ ხშირად ჩაბმულიყო ჭიდაობისა თუ კრივის გაცვლებში და დაღლილიყო.

მესამე რაუნდიდან უკვე ყველაფერი მერაბის კარნახით წავიდა. იმ ინვესტიციამ, რომელიც ნომერი პირველობას, წნეხს, ზიანის მიღებას, ზიანის ატანას და ძალიან დიდ რისკის გაწევას მოიცავდა, დივიდენდების გადახდა დაიწყო. მესამე რაუნდისთვის უმარს უკვე დაღლა დაეტყო და მერაბმა ტემპი მაქსიმალურად გაზარდა. ამ რაუნდში უმარ ნურმაგომედოვმა პირველი გდება იგემა, რომელიც მისი დასასრულის დასაწყისი გახდა. ამ რაუნდში მერაბმა 2-3 გდება გაუკეთა უმარს, სანაცვლოდ კი უმარმა რაუნდის მიწურულს მხოლოდ ერთი, ისიც იმიტომ, რომ მერაბი შოუმენობდა. გაცვლებშიც გამარჯვებული მერაბი გამოდიოდა. საბოლოოდ, დაახლოებით 10-ით მეტი მნიშვნელოვანი დარტყმა გაუტარა მერაბმა უმარს, გდებებიც გაუკეთა და რაუნდი ცენტრის კონტროლითაც წამოიღო. რაუნდის დასრულების შემდეგ, როდესაც მერაბი კუთხისკენ ენერგიულად მიდიოდა, მის მწვრთნელებს უმარი დაქანცული და ხელებჩამოშვებული ელოდებოდა.
საბოლოო ჯამში კი ტანში დარტყმებმა, გაცვლებში მიყენებულმა ზიანმა, უმარის წარუმატებელი გდებები და მერაბის სასწაული გდებები განადგურებულ უმარში გადაითარგმნა. ბოლო 40 წამში კი მერაბმა გდება გალიიდანაც გააკეთა და უმარი მიწაზე აკონტროლა. ამ რაუნდში დვალიშვილმა GSP-ის რეკორდი გაიმეორა და მასთან ერთად გახდა UFC-ის ისტორიაში ყველაზე მეტი წარმატებული გდების ავტორი.


რა იქნება შემდეგი მერაბ დვალიშვილისთვის? - ჯერ არ ვიცით, რადგან „მანქანამ" ამ დივიზიონის ყველა TOP მებრძოლს გადაუარა. ერთი რამ ცხადია, თუ უკვე არა, მერაბი ძალიან მალე გახდება ამ დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი.








![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






