საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა, ამ ჩემპიონატზე თავისი კვალი მაინც დატოვა.
პირველ ტურში პოლონეთთან მნიშვნელოვანი (2:1) გამარჯვება მოვიპოვეთ, რის შემდეგაც უძლიერეს საფრანგეთთან და პორტუგალიასთან დავმარცხდით.
იყო რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი და ფაქტი, რაც ამ ევროპის ჩემპიონატზე დავინახეთ.
მწვრთნელის ფაქტორი
ამ ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი კოზირი გუნდურობა იყო. ნაკრებს არ ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი და იყო შეკრული გუნდი, რომლის ყველა ფეხბურთელი მოედანზე თანაბრად სარგებლიანი იყო. ამაში კი დიდი წვლილი რამაზ სვანაძეს მიუძღვის. გარდა ტაქტიკური განსწავლულობისა, სვანაძემ ფეხბურთელებთან სწორი კომუნიკაციით შეძლო ის, რომ ნაკრები ერთმუშტად შეკრა და ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახა.
საქართველოს მომავალი საიმედო ხელშია
ლუკა ხარატიშვილი, ნოდარ ლომინაძე, ლაშა ოდიშარია და სხვები - ამ ფეხბურთელებს აქვთ პოტენციალი, რომ მომავალში იმ წარმატებული გუნდის წევრები გახდნენ, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ნაკრებში დიდი კონკურენციაა, 21-წლამდელთა ერთეულ მოთამაშეებს შეუძლიათ, რომ ვილი სანიოლის გუნდი შეავსვონ. გამოსარჩევია დაცვის ხაზიც, სადაც საზონოვი ფაქტობრივად ტრავმიანი თამაშობდა, ხვადაგიანმა კი ნაკრებს ნამდვილი კაპიტნობა გაუწია. მარჯვენა მცველი გიორგი მაისურაძე საერთოდ პოლონეთთან მატჩის საუკეთესოდ დასახელდა.
ბრძოლა ყველასთან შეგვიძლია
ეროვნული ნაკრების მსგავსად, ახალგაზრდულმა ნაკრებმაც დაგვანახა, რომ უშანსოდ არავისთან ვართ და თუ ჩვენი მეტოქე კონკრეტულ მატჩში ფავორიტად ითვლება, ეს სტატუსი მხოლოდ ფურცელზეა და უშუალოდ მოედანზე ყველასთან ტოლსწორად შეგვიძლია თამაში. საფრანგეთთან ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მეორე ნახევარში მოედანზე სულ სხვა მოტივაციით გამოვიდა და კინაღამ ის თამაში მოვიგეთ, თუმცა იყო ბოლო წუთების სენი...რაც შეეხება პორტუგალიას, ეს მატჩი 4:0 წავაგეთ, მაგრამ რომ არა პირველივე წუთებზე ოდიაშარიას გაძევება, არავინ იცის, რა მოხდებოდა. მითუმეტეს, გაძევების შემდეგაც პირველი 20 წუთი ტაქტიკურად გამართულად ვთამაშობდით.
უფრო მეტის მოლოდინი
თითოეულმა მოთამაშემ, ვინც ამ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ბოლომდე იბრძოლა და მოედანზე მაქსიმუმი ჩადო, თუმცა იყვნენ ფეხბურთელები, ვისგანაც უფრო მეტს ველოდით. მაგალითად, ირაკლი აზაროვი. ასაკის მიუხედავად, მას ნაკრებში ყველაზე დიდი გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ დაცვით და შეტევით ასპექტში შედარებით პასიური იყო. იგივეს ვიტყოდით გაბრიელ სიგუასა და ლუკა გაგნიძეზე. პრესინგის დროს, გიორგი კვერნაძე მეტოქის ნახევარზე დაუღალავად დარბოდა და ფიზიკურად იდეალურად იყო მომზადებული, გაგნიძის და სიგუას მოვალეობა იყო, კვერნაძეს პრესინგზე დახმარებოდნენ და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ტემპში ვერ აყვებოდნენ. ეს შეუმჩნეველი რამაზ სვანაძისთვის არ დარჩენილა და ბოლო მატჩში ორივე სათადარიგოთა სკამზე დასვა.
პოტენციური ტრანსფერები
სულ რომ არაფერი, ინდივიდუალურად ქართველი ფეხბურთელებისთვის ეს ტურნირი იდეალური საშუალება იყო, რათა ევროპის მაშტაბით თავი წარმოეჩინათ და ამა თუ იმ გუნდის ინტერესთან სფეროში მოქცეულიყვნენ, რაც ზოგს გამოუვიდა, ზოგს არა. ფაქტი ისაა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ამ ფეხბურთელებიდან უმრავლესობა კარგ გუნდში წავა და თავის კარიერას განავითარებს. სამივე მატჩს დაესწრნენ ცნობილი ქართველი აგენტები - მამუკა ჯუღელი, ირაკლი ლილუაშვილი და ლევან სეთურიძე, რომელთა ფეხბურთელებიც 21-წლამდელებში თამაშობდნენ და ისინი აქტიურად იმუშავებენ ამ ფეხბურთელების ახალ გუნდებში მოწყობაზე.
ფოტო: GFF








